თენგიზ შარმანაშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებას ეხმაურება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დოკუმენტს პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ მედიებში დასკვნის ევროპის საბჭოდ დასკვნად გასაღება გასაკვირი არ არის.
„დეზინფორმაცია მათი სტილია და, რა თქმა უნდა, ეს ევროპის საბჭოს ოფიციალური დოკუმენტი არ არის. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ის არც ექსპერტთა დოკუმენტია, მიუხედავად იმისა, რომ სათაურში ეს წერია. არის ზოგადი, ბრტყელ-ბრტყელი, არაფრის მომცემი ფრაზები და, რა თქმა უნდა, არაობიექტურია. აქედან გამომდინარე, იმისკენ კი არ მოგვიწოდებენ, რომ დავსხდეთ, „ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, ეს კანონი გავაკეთილშობილოთ“. მოჭრილად ამბობენ, რომ „ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს უნდა გაუქმდეს“. მაგრამ იმას ვერ ბედავენ, რომ აღნიშნონ, რომ ეს დოკუმენტი ჩვენი პროდუქტი არ არის. პირდაპირ, ერთი ერთში გადმოვიღეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს არის რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი, არაფრისმთქმელი“, – მიიჩნევს შარმანაშვილი.
ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭო, საქართველოს კანონზე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) მოსაზრებას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, „აქტში გათვალისწინებულ ზომებს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე“, შესაბამისად, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თავის შეკავება.