პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტი დღეს ბიუროს წარედგინება, ხვალ კი მას საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე განიხილავენ.
მომზადებული დოკუმენტი 430-გვერდიანია და მასში ყველა ის ფაქტი თუ ქმედებაა თავმოყრილი, რომელსაც 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმი და ყოფილი თანამდებობის პირები 2003 წლიდან დღემდე ახორციელებდნენ.
სახელისუფლებო გუნდში დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
„კომისიამ დაამთავრა მუშაობა და დადო შესაბამისი დასკვნა. მოვისმინეთ ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი მტკივნეული საკითხი, რომლებიც ეხებოდა საზოგადოების დარბევას, ქონებების ჩამორთმევას, ადამიანის უფლებების დარღვევას. მათ შორის, მოვისმინეთ გახარიას ტყუილები. საბოლოო დასკვნას მივიღებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის შემდეგ“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.