ბალტიისპირა ექსკლავ კალინინგრადში პოლონეთის საკონსულო დაიხურა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონეთმა კრაკოვში რუსეთის საკონსულო დახურა.
პარასკევს, 29 აგვისტოს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ კალინინგრადში გენერალურმა საკონსულომ მუშაობა დაასრულა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 აგვისტოს კონსულმა იანუშ იაბლონსკიმ პოლონეთის ემბლემა, საკონსულო დაფა და ეროვნული და ევროკავშირის დროშები პოლონეთის ელჩს რუსეთში, კშიშტოფ კრაევსკის გადასცა.
ამ უკანასკნელმა, „რუსეთის არაგონივრული გადაწყვეტილების გამო“, სინანული გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის წარმომადგენლობა კალინინგრადში ოდესმე აღდგება.
ამასთან, მუშაობას აგრძელებს პოლონეთის საელჩო მოსკოვში და საკონსულო ირკუტსკში (რუსეთის შორეული აღმოსავლეთი).
თავის მხრივ, რუსეთი ინარჩუნებს საელჩოს ვარშავაში და საკონსულოს საპორტო ქალაქ გდანსკში.
პოლონეთის ხელისუფლებამ კრაკოვში რუსეთის საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება ივლისში მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ვარშავის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენაში რუსეთის უშიშროების სამსახურები დაადანაშაულა.
გასულ წელს, მას შემდეგ, რაც სავარაუდო დივერსიულ თავდასხმებში მოსკოვის კვალი დაინახა, პოლონეთმა რუსეთის საკონსულო ქალაქ პოზნანშიც დახურა.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვსა და ვარშავას შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა.
კალინინგრადს, რომელიც ისტორიულად ცნობილი იყო, როგორც კენიგსბერგი, ხოლო პოლონეთის მმართველობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, როგორც კრულევიეცი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა პოლიტიკოსის, მიხეილ კალინინის სახელი ეწოდა.
2023 წელს პოლონეთმა გადაწყვიტა, ოფიციალურ დოკუმენტებში ქალაქი კრულევიეცად მოეხსენიებინა, რადგან კალინინის სახელი 1940 წლის კატინის ხოცვა-ჟლეტას უკავშირდება, როდესაც საბჭოთა საიდუმლო პოლიციამ ათასობით პოლონელი ოფიცერი მოკლა.
https://www.polskieradio.pl/395/7784/Artykul/3572355