აშშ-ის სამხედროებმა იერიში მიიტანეს მცირე ზომის გემზე, რომელიც კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში, საერთაშორისო წყლებში მიცურავდა. შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, თქმით, ვენესუელიდან წამოსულ გემს აშშ-ში ნარკოტიკები გადაჰქონდა. საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა გემზე მყოფ პირებს „კარტელ ტრენ დე არაგუას ნარკოტერორისტები“ უწოდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გემზე „დიდი რაოდენობით ნარკოტიკი“ იყო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მიმდინარე წლის იანვარში, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ ლათინურ ამერიკაში მოქმედი რამდენიმე კრიმინალური, ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. მათ შორისაა „ტრენ დე არაგუა“ და კიდევ ერთი ვენესუელური დაჯგუფება, სახელწოდებით „მზის კარტელი“, რომელსაც, აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ.
ლათინური ამერიკის ნარკოკარტელებისგან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად, შეერთებულმა შტატებმა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ვენესუელის სანაპიროსთან საზღვაო ძალების წარმომადგენლობა გააძლიერა. საპასუხოდ, მადუროს მთავრობამ ვენესუელის სანაპირო ზოლთან და მეზობელ კოლუმბიასთან საზღვრის გასწვრივ ჯარები განალაგა.
ვენესუელის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ ქმნის ყალბ ნარატივს, თითქოს, კოლუმბიიდან აშშ-ში ნარკოტიკების ტრანზიტი ვენესუელის გავლით ხდება, რათა ამ ბრალდების საფუძველზე აიძულოს ის, რომ თანამდებობა დატოვოს. ვაშინგტონმა 50 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ნარკოტრეფიკინგის ბრალდებით მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს.