დედაქალაქის მასშტაბით უამრავ ლოკაციაზე მოეწყო ახალი რეკრეაციული სივრცეები. ამ დროის განმავლობაში არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისები და ისნის რაიონში საკმაოდ ბევრი მოსასვენებელი მოეწყო, ბევრი შიდა საუბნო გზა მოვაწესრიგეთ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში დავით ხაბეიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მთავარ გამოწვევად რჩება ავარიული სახლები და სურს, ამ პრობლემის გადაჭრაში მოსახლეობასთან ერთად უფრო მეტად იყოს ჩართული.
„ჩემი მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში უფრო დიდ ყურადღებას ამ პრობლემას დავუთმობ. ჩანაცვლების პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია. შევეცდებით, უფრო მეტად მოვარგოთ მოსახლეობის მოთხოვნაზე ჩანაცვლების პროგრამა.
გამგეობაში გვაქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამა, რომელიც მთლიანად არის მორგებული მოსახლეობის მოთხოვნილებაზე. მოსახლეობის აქტიურობისა და მოთხოვნის შედეგად იგეგმება ყველა პროექტი, რომელსაც შემდეგ ვახორციელებთ“, – აღნიშნა დავით ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, მოსახლეობის ჩართულობით უამრავი პროექტი განხორციელდა.
„ბერი გაბრიელ სალოსის N17-ში მოსახლეობის ჩართულობით, უსახური ავტოფარეხების მაგივრად ახლა რეკრეაციული სივრცეა მოწყობილი“, – დასძინა ხაბეიშვილმა.