ბევრი ორმაგი სტანდარტის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ევროპისა არის მათი ბიუროკრატია, განცხადებები და გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიასთან კონგრესმენ ჯიმ ჯორდანის განცხადებას, რომ 2023 წელს დიდ ბრიტანეთში შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის 12 183 ადამიანი დააკავეს.
„ვხედავთ, რა ხდება სხვა ქვეყნებშიც. კანონებთან, გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თვალებში ნაცარს გვაყრიან, თეთრზე შავს გვიმტკიცებენ თავიანთი მედიის საშუალებით. ის, რაც ჩვენთვის არ შეიძლება, მათთვის მისაღებია. ხალხი ამას ხედავს. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ევროპის არის მათი ბიუროკრატია, განცხადებები და გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ, ამიტომ ქართველებმა საქართველოს თავადვე უნდა მიხედონ.
„ყველგან რაღაც ხდება, ამერიკაში, ბრიტანეთშიც. ყველგან ტურბულენტური სიტუაციაა. ჩვენვე უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. არ უნდა ვიყოთ იმის იმედზე, რომ აქ ამერიკელი, ან ევროპელი, ან რუსი ჩამოვა და დაიცვას ჩვენი ხალხის ინტერესებს. ყველას მისი ინტერესი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. იმიტომ ვართ ხელისუფლებაში, იმიტომ დაგვიჭირა მხარი მოსახლეობამ, რომ პირველ რიგში, ქართველების ინტერესები უნდა დავიცვათ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.