„ქრონიკის“ ჟურნალისტს მაკუნა აბულაძეს, რომელიც კახა კალაძის შტაბის წინ მიმდინარე აქციას აშუქებს, აქციის მონაწილე პირდაპირი ჩართვისას ეთერში შეეჭრა. აქციის მონაწილემ ჟურნალისტს საუბარი არ აცადა და დაუდასტურა, რომ აქციის მონაწილეებს რევოლუცია სურთ.
პარალელურად, აქციის მონაწილეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „იმედის“ ჟურნალისტს ნიკა ფხიკიძეს.
ცოტა ხნის წინ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიასთან აქციას მართავდნენ და რომელიც აქტივისტის მეგი დიასამიძის მხარდასაჭერად, 19:00 საათზე იყო დაანონსებული, კახა კალაძის შტაბთან გადაინაცვლეს.
აქციაზე მათი მთავარი მოთხოვნა – რევოლუციაც გაჟღერდა. როგორც „ქრონიკის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სწორედ რევოლუციით უნდა დაიწყოს ცვლილებები.
მეგი დიასამიძე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის დააკავეს.
მეგი დიასამიძეს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება.