Amnesty International საქართველოს მოუწოდებს არ გადასცეს თურქეთის ხელისუფლებას დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
Amnesty International-ში ფიქრობენ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში შესაძლოა, წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან ადამიანის უფლებათა სხვა სერიოზული დარღვევების მსხვერპლი გახდეს. შესაბამისად, Amnesty International მოუწოდებს საქართველოს, არ გადასცეს დაკავებული ჩაბუქი თურქეთს.
ორგანიზაცია ასევე მიმართავს საქმით დაინტერესებულ პირებს, გაგზავნონ შესაბამისი წერილები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახელზე, რათა საქართველომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და არ მოახდინოს დეპორტაცია, ექსტრადიცია ან სხვა ფორმით მუსტაფა ჩაბუქის დაბრუნება ქვეყანაში, სადაც მას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.
„ასევე, გააგზავნეთ ასლები თქვენს ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Amnesty International წერს, რომ ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს და მისი ექსტრადიცია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს.
განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ არსებული ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ, თურქეთის მთავრობა ზეწოლას ახორციელებს მოკავშირეებზე, რათა მათ ფეთულა გიულენის სავარაუდო მხარდამჭერების წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით, ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა.
