არიან ადამიანები, მაგალითად „კოლექტიური რამიშვილები“, რომლებიც ზნეს არ იცვლიან, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს აკეთებენ და ცდილობენ ქართულ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს ებრძოლონ. ამ საქმეში იყენებენ ახალგაზრდებს, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა „იმედის კვირის“ მიერ გაშიფრულ სქემას, რომ აქციების მთავარი ორგანიზატორები და მონაწილეები უნივერსიტეტები არიან.
„ეს არის ათწლეულების განმავლობაში ნაცადი ტაქტიკა – შავი სამსახურების, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ ახალგაზრდობის გამოყენებით, ფაქტობრივად, მათი ინსტრუმენტალიზაციით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ. ამ პროცესებში საერთოდ არ აინტერესებთ რა ბედი ეწევა საბოლოო ჯამში ქვეყანას – მოხდება სისხლის ღვრა, ნგრევა, ქაოსი, თუ სხვა. თუნდაც საქართველოს მაგალითზე არიან ადამიანები, მაგალითად „კოლექტიური რამიშვილები“, რომლებიც ზნეს არ იცვლიან, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს აკეთებენ და ცდილობენ ქართულ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს ებრძოლონ. ამ საქმეში იყენებენ ახალგაზრდებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.