ძალიან დიდი იმედი მაქვს ბატონი რეზი სოხაძის, საგზაო დეპარტამენტის, რომლებიც ჩვენ არაჩვეულებრივად გვეთანამშრომლებიან, უახლოეს პერიოდში ალბათ გავაცხადებთ ერთად თუ როგორ მოხდება ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ავჭალაში, შალვა ოგბაიძემ.
წამყვანმა მას ჰკითხა: „ერთ-ერთი პრობლემატური და საინტერესო თემაა მცხეთიდან თბილისში შემოსასვლელი გზა, რომელიც ავჭალაზე, დასახლებულ პუნქტზე გადის. ტრაილერების მოძრაობა, დამეთანხმებით ალბათ, ასე მჭიდროდ დასახლებულ უბანში არ არის სასიამოვნო ფაქტი. რა შეიძლება ამ მიმართულებით გაკეთდეს, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს?“
შალვა ოგბაიძის თქმით, აღნიშნული გზა იქნება თვისობრივად სხვანაირად მოწესრიგებული, შუქნიშნით მოწყობილი, ზებრებით დახაზული.
„თქვენ სავსებით სწორად დასვით აქცენტი, როდესაც შემოსასვლელი გზა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ერთმანეთთან დააკავშირეთ. ამ ნაკადს, უბრალოდ, მოძველებული ინფრასტრუქტურა და მოძველებული გზა ვეღარ უძლებს ზაჰესში, ვინაიდან ზაჰესიდან რომ გამოვცდებით, ჯვრის მონასტრის ჩამოსასვლელიდან, ვიდრე მთელ ზაჰესს გავივლით და მოვხვდებით შემოვლით გზაზე, არის მჭიდროდ დასახლებული უბანი. ჩვენი ბავშვები დადიან იქ, სკოლაა, გზის გადაკვეთა უწევთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს ბატონი რეზი სოხაძის, საგზაო დეპარტამენტის, რომლებიც ჩვენ არაჩვეულებრივად გვეთანამშრომლებიან და უახლოეს პერიოდში ალბათ გავაცხადებთ ერთად თუ როგორ მოხდება ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია – თვისობრივად სხვანაირად მოწესრიგებული, შუქნიშნით მოწყობილი, ზებრებით დახაზული. თუმცაღა, უკვე დაწყებულია გარკვეულ მონაკვეთებზე მოწესრიგების სამუშაოები და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემაც მოგვარდება. საბოლოოდ, ამ პრობლემის მოგვარების გასაღები დევს იმაში, რომ ჟინვალი-ლოჭინის შემოვლითი გზა, რომელიც ოთხ ლოტად არის გაყოფილი, ის ასცდება. ჩქაროსნული გზის განხორციელების შემთხვევაში საერთოდ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება, ვინაიდან შემოვლითი გზის ეს მონაკვეთი ზაჰესს მთლიანად ასცდება. ასევე დაიტვირთება მიზეზთა გამო უქმად მყოფი, სამწუხაროდ გამოუყენებელი შემოვლითი რკინიგზა. ამას ცალკე გადაცემა უნდა მივუძღვნათ ალბათ თუ რატომ და რისთვის მოხდა ეს ყველაფერი, ფუნქცია მოეძებნება და იქნება ჩქაროსნული შემოვლითი გზის მონაკვეთი“, – აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.