ფაქტობრივად მან თავი დააჭერინა. გარკვეული ტაიმაუტი აიღო იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ ძალადობრივი აქციების შედეგებზე, რომელსაც ვხედავთ, რომ ისინი აორგანიზებენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ის უარს ამბობს გირაოს გადახდაზე, ადასტურებს, რომ ის თვით პატიმრობის რეჟიმში იმყოფება.
„ეს თავის დროზე ნიკა მელიამ დაიწყო, როდესაც ციხიდან გამოსვლა არ უნდოდა, გირაოს გადახდაზე უარს ამბობდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ ერთ-ერთმა ევროპულმა ფონდმა, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოში რადიკალიზმის მთავარი დამფინანსებელია, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, მან გადაიხადა გირაოს ფული, გამოიყვანეს ნიკა მელია მისი ნების საწინააღმდეგოდ გარე ძალებმა და კვლავ რადიკალიზმში ჩართეს.
დღესაც ვხედავთ ამ სცენებს, რომელსაც დგამენ შეუმდგარი პოლიტიკოსები. ხედავენ, რომ არ აქვთ მხარდაჭერა საზოგადოებაში და ერთადერთი მათი გზა არის სცენების დადგმა, პროვოკაციები და ეს თვითდაჭერები, რომელსაც ვხედავთ ჩვენ წყებას. ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით და შემდეგ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა – პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. თავადაც განაცხადა და მე მგონი მისი ოჯახის წევრებიც და გარემოცვაც ამბობენ, რომ ფაქტობრივად მან თავი დააჭერინა. იცოდა კიდეც და ამიტომ გააკეთა ეს და გარკვეული ტაიმაუტი აიღო იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ ძალადობრივი აქციების შედეგებზე, რომელსაც ვხედავთ, რომ ისინი აორგანიზებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.