შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 4 პირი: 1982 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ა.ც. , 2002 წელს დაბადებული გ.ზ. და 1982 წელს დაბადებული ა.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და კონკრეტული როლები გადაინაწილეს. დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუებით ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ თანხებს.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 16 მოქალაქე დაზარალდა.
თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 461 306 ლარი შეადგინა.