აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც კირკის გარდაცვალებას მოჰყვა.
„ჩვენ ვნახეთ, როგორ ამართლებდნენ ადამიანები მის მკვლელობას და ზეიმობდნენ მის სიკვდილს. ვიცი, რომ ეს თქვენც ისევე გაბრაზებთ, როგორც მე. ამ მომენტში მარტივია ჩვენი თანამემამულეებისგან ყველაზე ცუდი მხარის დანახვა. მინდოდა, ტელეფონი ამეღო და ჩემს მეგობართან მესაუბრა, მისთვის რჩევა მეკითხა. მეკითხა, როგორ ვუპასუხო ასეთ სიძულვილს და იმ ადამიანებს, ვისგანაც ეს სიძულვილი ვრცელდება. მაგრამ ჩემს მეგობარს ვერ დავურეკავ, რადგან ის სიმართლის თქმის გამო მოკლეს. ამიტომ მხოლოდ თუ ვივარაუდებ, რას მეტყოდა. ვფიქრობ, მეტყოდა, ვიყო გულწრფელი, რომ ბოროტება ისევ ჩვენს შორისაა და ის სიყალბის გამო არ უნდა უგულებელვყოთ, არამედ, პირდაპირ მივუდგეთ მას, როგორც დაავადებას. ასევე, ვფიქრობ, ყველას გვეტყოდა, რომ მხოლოდ კარგზე ვკონცენტრირებულიყავით. შეგვახსენებდა, რომ იმ სიძულვილის ხმის უკან, რომელიც მის მკლელობას ზეიმობს, არის ათასობით ადამიანი, რომელიც გლოვობს და მისი მემკვიდრეობისთვის იბრძვის. მეტყოდა, რომ მელოცა ჩემი მეგობრებისთვის, მაგრამ ასევე ჩემი მტრებისთვისაც“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ტრაგიკული ბედის მიუხედავად, ჩარლი კირკი სწორად და სამართლიანად ცხოვრობდა. მისივე თქმით, სჯობს, მკვლელის პირისპირ აღმოჩნდე, როგორც ეს კონსერვატორი აქტივისტის შემთხვევაში მოხდა, ვიდრე სიმართლის თქმის გეშინოდეს.
„ჩარლის საშინელი ბედი ეწია, მეგობრებო. ყველამ ვიცით, ყველამ ვნახეთ. მაგრამ ეს ყველაზე ცუდი ბედი არ არის. უმჯობესია, შეიარაღებული პირის პირისპირ აღმოჩნდე, ვიდრე სიმართლის თქმის გეშინოდეს“, – აღნიშნა ვენსმა.