საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მედიასთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ღაზაში ომის დასრულება და მძევლების დაბრუნება სურს, თუმცა არა „ჰამასის“ დაჯილდოების ხარჯზე.
ჟურნალისტის მიერ დონალდ ტრამპის მისამართით დასმულ კითხვას – „რატომ ამბობს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასისთვის“ საჩუქარია? აშშ-ის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
„ვფიქრობ, ეს „ჰამასის“ პატივისცემაა და ამის გაკეთება 7 ოქტომბრის გამო შეუძლებელია. ამის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება. მაგრამ ჩვენ გვსურს მძევლების დაბრუნება და არ გვინდა, რომ ისინი ერთი-ორად დაბრუნდნენ და ამას მომდევნო ორი წელი დასჭირდეს. ჩვენ ვართ ისინი, ვინც მძევლები დაიბრუნა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბოლო მძევლების დაბრუნება ყველაზე რთული იქნებოდა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მათ ასეთი პატივი მივაგოთ. ჩვენ ვაპირებთ, გამოსავალი ვიპოვოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დავიწყებას არ ნიშნავს.
„რატომ აღიარა 11-მა ქვეყანამ პალესტინის სახელმწიფო? ეს უბრალოდ დიდი ცვლილებაა. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, არავინ ივიწყებს 7 ოქტომბერს. იქ რამდენიმე დღის შემდეგ ჩავედი, ოჯახები ვნახე და ერთად საშინელი თავდასხმები განვიცადეთ. ამ ტერორისტულ თავდასხმებში ბევრი ფრანგი დავკარგეთ, მაგრამ თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, რა არის შედეგი? კიდევ ერთხელ, მათ მოკლეს „ჰამასის“ უმაღლესი ლიდერები. ეს მუშაობს, ეს დიდი მიღწევაა. მაგრამ ამავე დროს, გვყავს „ჰამასის“ იმდენივე მებრძოლი, რამდენიც პირველ დღეს გვყავდა. „ჰამასის“ განადგურება ასე არ მუშაობს“, – აღნიშნავს მაკრონი.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება დაგმო და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯები „ჰამასის“ მებრძოლებსა და მათ მიერ ჩადენილ „საშინელ სისასტიკეს“ დააჯილდოებდა.
ამასთან, ლიდერებმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც ისაუბრეს.
„სამწუხაროდ, პუტინთან ჩემი კარგი ურთიერთობა მისთვის არაფერს ნიშნავდა“, – აღნიშნა ტრამპმა მაკრონთან საუბრისას.