ტაივანში სუპერტაიფუნ „რაგასას“ შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. 120-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.
ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
დახურულია ქალაქის საერთაშორისო აეროპორტი, გაუქმებულია ასობით ავიარეისი, დახურულია სკოლები და ბაღები, დაკეტილია მაღაზიები. ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შემდეგ ტაიფუნი „რაგასა“ ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში გადაინაცვლებს, რის გამოც გუანდუნის პროვინციაში თითქმის ორი მილიონი ადამიანი ევაკუირებულია.
„რაგასამ“ ორშაბათს ჩრდილოეთ ფილიპინებს გადაუარა, რის გამოც პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკომ ქვეყნის კატასტროფებზე რეაგირების სააგენტოს სრული მზადყოფნის რეჟიმში გადასვლისა და ყველა სამთავრობო უწყების მობილიზების ბრძანება გასცა.