ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუტიზმსა და ორსულობის დროს „პარაცეტამოლის“ გამოყენებას შორის კავშირი არ არსებობს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამჟამად არ არსებობს დამაჯერებელი სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს აუტიზმსა და ორსულობის დროს „პარაცეტამოლის“ გამოყენებას შორის შესაძლო რაიმე კავშირს.
„მსოფლიოში, თითქმის 62 მილიონ ადამიანს აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა, რომელიც ტვინის განვითარებასთან დაკავშირებული დაავადებების ჯგუფია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ცნობიერება და დიაგნოზი გაუმჯობესდა, აუტიზმის ზუსტი მიზეზები დადგენილი არ არის და გასაგებია, რომ არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც შეიძლება იყოს ჩართული მის განვითარებაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევები, რომლებიც შეისწავლიდნენ ორსულობის დროს მის გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირს. ამ დროისთვის არ არის დადგენილი თანმიმდევრული კავშირი. WHO რეკომენდაციას უწევს ყველა ქალს, გააგრძელოს ექიმების ან ჯანდაცვის მუშაკების რჩევების დაცვა, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ინდივიდუალური გარემოებების შეფასებაში და საჭირო მედიკამენტების რეკომენდაციაში. ნებისმიერი მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში, და ჯანდაცვის პროფესიონალების რჩევების შესაბამისად“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აუტიზმის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, პრეპარატ „ტაილენოლის“ მიღებას უკავშირდებოდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ტაილენოლის“ მიღება არ არის კარგი. ყველა ორსული ქალი უნდა დაელაპარაკოს ექიმს, რომ შეამცირონ ამ მედიკამენტის მიღება, ვიდრე ორსულად არიან. იდეალურ შემთხვევაში, ის საერთოდ არ უნდა მიიღოთ. აუტიზმის მკვეთრი ზრდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მოვლენაა. მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა“, – აღნიშნა ტრამპმა.
პრეპარატი „ტაილენოლი“ ასევე ცნობილია, როგორც „პარაცეტამოლი“.