„4 ოქტომბრის სცენარსა და გეგმაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „ღამის კურიერის” ეთერში.
მან 4 ოქტომბრის აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას არ ირიდებს და აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში.
„4 ოქტომბერს რა შეიძლება მოხდეს – თქვენ ხომ ასე სვამთ კითხვას? სცენარსა და გეგმაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე. მეც იქ ვიქნები, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე. რომ ვამბობ, პაატა ბურჭულაძეა ორგანიზატორი-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ მე პასუხისმგებლობას ვირიდებ, არა, ნამდვილად. მე, ანა წითლიძე, აქტიურად ვარ ჩართული 4 ოქტომბრის ორგანიზებაში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დაემხოს. ახლა მეკითხებით, როგორ მშვიდობიანადო. თქვენ ვარდების რევოლუცია ჩემზე უკეთესად გახსოვთ, – მე პატარა ვიყავი და სკოლაში ვიყავი, მაგრამ თქვენ გახსოვთ. ზუსტად ისე, როგორც 2003 წელს გაიმარჯვა მართალმა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოქალაქეებმა, მშვიდად და წყნარად, ასე შეუძლია 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს გამარჯვება. რა მოხდება 4 ოქტომბერს? ეს დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე“, – განაცხადა წითლიძემ.