ჩვენი სტუმართმოყვარეობა ზოგიერთს ფეხქვეშ გაგებაში ეშლება და ეს ბევრ დიდ ერს მოსვლია ქართველებთან მიმართებით, ამ შეცდომას ნუ დაუშვებენ, ჩვენი სტუმართმოყვარეობა, განსაკუთრებული პატივისცემა და თავზე გადაყოლა არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ფეხქვეშ ვეგებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვის დავალებასაც არ უნდა ასრულებდეს კონკრეტული დიპლომატი, ფაქტია, აზიანებენ საკუთარ თავს და საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას.
„ბატონი პეტერის, თუ ზოგიერთი სხვა ადამიანის შემთხვევაში რასაც ვაკვირდებოდით, უპირველეს ყოვლისა, ისინი აზიანებენ საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. თავისი რეპუტაცია დაიზიანონ, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ მათი ქვეყნის რეპუტაცია რომ ზიანდება, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობისთვის, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ გერმანიაზე. ვის დავალებასაც არ უნდა ასრულებდნენ ან დავალების მიმცემი ჰყავთ, ასე ვთქვათ, არაკვალიფიციური, რომ ვერ ხვდება, რა ხალხთან აქვს ურთიერთობა, ვინ ვართ ქართველები, რა გამოგვივლია. კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ მაგალითს, რომელიც, მათ შორის, ზოგიერთი დიპლომატისთვისაც მითქვამს. 70-იანი თუ 80-იანი წლების დასაწყისი იყო, საბჭოთა კავშირის პერიოდში რუსეთიდან ერთმა მწერალმა ორი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა კავშირის დედაქალაქში და სანამ ბოდიშები არ მოახდევინეს, არ მოეშვნენ. ეს არის საბჭოთა კავშირის დროს, სადაც კრინტის დაძვრა ეშინოდათ ადამიანებს. ასე უნდა შეხედონ. შეიძლება, რომელიმე ერებთან გასდით, მაგრამ ქართველ ხალხთან არ გაუვათ. კიდევ ერთი რამე უნდა იცოდეს ყველამ, რომ ზოგიერთს ხანდახან ჩვენი სტუმართმოყვარეობა ეშლება ფეხქვეშ გაგებაში და ეს ბევრ დიდ ერს მოსვლია ქართველებთან დაკავშირებით და ამ შეცდომას ნუ დაუშვებენ. ჩვენი სტუმართმოყვარეობა, განსაკუთრებული პატივისცემა და თავზე გადაყოლა არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ფეხქვეშ ვეგებით. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.