არ ვიცი, ზელენსკი რის დაკარგვაზე საუბრობს. ადამიანმა თავისი ქვეყნის 30 პროცენტი დაკარგა, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და საკუთარი ოფიციალური სტატისტიკითვე, მოსახლეობის 40 პროცენტი გაქცეულია ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ზელენსკიმ აღნიშნა: „ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება, ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, მოლდოვაც დაკარგოს“.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ერიდება ზედმეტი კომენტარების გაკეთებას ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მიმართ.
„ბატონი ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ როგორც ხდება ეს ყველაფერი, ამის გამოა ტრაგიკული. არ ვიცი, რის დაკარგვაზე საუბრობს. ადამიანმა თავისი ქვეყნის 30 პროცენტი დაკარგა, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და საკუთარი ოფიციალური სტატისტიკითვე, მოსახლეობის 40 პროცენტი გაქცეულია ქვეყნიდან. ფაქტობრივად, ეს მოსახლეობაც დაკარგა, რადგან ალბათ რთულია, წარმოიდგინო, რომ უკან დაბრუნდება ეს რაოდენობა მოქალაქეებისა, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, გავიდნენ უკრაინიდან, სადღაც დაფუძნდნენ და დიდი ალბათობით, იქაც დარჩებიან. ასე რომ, ეს არის ის დანაკარგები, რასაც ბატონი ზელენსკი განიცდის. ერთ რამეს ვიტყოდი, ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, ომში არის უკრაინა და ჩვენ ვერიდებით ზედმეტ კომენტარებს, ან ზედმეტ შეფასებებს, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის სპეცსამსახურებმა შემოგვიგზავნეს აქ სააკაშვილი, რათა საქართველო აერიათ. ეს გაგვიკეთა ჩვენ უკრაინის ხელისუფლებამ. ასაფეთქებელი ნივთიერებების გატარება უნდა საქართველოში, თუ ჩამოტანა, უკრაინის ხელისუფლება გვიშვება იმას, რომ აქ შეიძლება, აიწიოს ნახევარი ქალაქი, რადგან რაღაც საკუთარი მიზნები აქვთ. ყველაფრის მიუხედავად, რასაც ქართველ ხალხს უკეთებს ბატონი ზელენსკი, ჩვენ მაინც თავს ვიკავებთ. თუმცა, მე მექნებოდა ორი რჩევა. პირველი – გაითვალისწინოს აშშ-ის პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები, ვინაიდან ჩვენს გასაცემ პასუხს მას გასცემს უკრაინელი ხალხი. ქართველი ხალხის დაზიანებისთვის და მცდელობისთვის, რასაც მისი მხრიდან ვხედავთ, მას თავის დროზე პასუხს გასცემენ არჩევნებზე, უკრაინელი ხალხი გასცემს პასუხს. ჩაატაროს არჩევნები და მეორე – გაითვალისწინოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის რჩევა, იყოს მადლიერი. უმადურობა, მით უმეტეს, როდესაც ომში არის ქვეყანა, არის ძალიან ცუდი. ბატონი ზელენსკი როცა იჩენს უმადურობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც უკრაინელ ხალხს გვერდში უდგას ყველაფერში – ჰუმანიტარული დახმარებით, საერთაშორისო განცხადებებზე და ინსტრუმენტებზე მიერთებით, ყველაფერში გვერდში ვუდგავართ, ეს არის დიდი უმადურობა საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის ხელისუფლების მიმართ, რასაც ბატონი ზელენსკი იჩენს. მას თუ მეტი არაფერი ჰქონდა სათქმელი, რომ ის მცირე დრო, რაც გამოყოფილია გაერო-ს ტრიბუნაზე გამოსასვლელად, გამოეყენებინა კიდევ ერთხელ და საქართველო ეხსენებინა, რა ვიცი, ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, რამდენად მავნე მიზნები აქვს ზოგიერთს საქართველოს მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.