აშშ-ის გენერალური პროკურორი, პემ ბონდი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორისთვის, ჯეიმს კომისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება.
„კანონზე მაღლა არავინ დგას. დღევანდელი ბრალდება ასახავს იუსტიციის დეპარტამენტის ერთგულებას, რომ პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და შეცდომაში შეჰყავს ამერიკელი ხალხი. ჩვენ ამ საქმეში ფაქტებს გავყვებით“, – აღნიშნა პემ ბონდიმ.
ჯეიმს კომის ბრალი წაუყენეს ცრუ ჩვენების მიცემისა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მუხლებით.
კომი 2020 წელს სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე წარდგა, რათა პასუხი გაეცა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ FBI-ის გამოძიებასთან დაკავშირებულ კითხვებზე.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წლის ივლისში გამოქვეყნებული სენსაციური დოკუმენტის თანახმად, ობამას ადმინისტრაციამ 2016 წლის არჩევნებამდე და მის შემდეგ იცოდა, რომ რუსეთს მისი შედეგები კიბერთავდასხმებით არ შეუცვლია.
ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა გამოაქვეყნა ელექტრონული ფოსტის, მემორანდუმებისა და სხვა ჩანაწერების 100-ზე მეტი გვერდი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის, რასაც მან უწოდა ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პირების შეთქმულება პრეზიდენტ ტრამპის 2016 წლის გამარჯვების ჩაშლის მიზნით.