დილით საოკუპაციო ძალებმა საავიაციო ბომბებით და არტილერიით ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს.
შესაბამის ინფორმაციას ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
მისი ცნობით, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ქალაქში დაახლოებით 15 ავიაბომბი ჩამოაგდეს, მათ შორის ხერსონის ცენტრალურ ნაწილში.
ხერსონის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულია სამი ადამიანი. განადგურებულია სამარშრუტო ტაქსი, ასევე დარტყმების შედეგად დაზიანებულია ხერსონში ადმინისტრაციული შენობა და ცხრა კერძო სახლი.
ამასთან, ღამით, სუმისთან საავიაციო ბომბების ჩამოგდების შედეგად დაზიანებულია 10-მდე საცხოვრებელი სახლი.
ამას გარდა, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით რუსეთმა 154 დრონი გაუშვა, საიდანაც 128 ჩამოაგდეს ან გაუვნებელყვეს. უპილოტო საფრენი აპარატებიდან დარტყმები ცხრა ადგილას დაფიქსირდა.