ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“ და ღაზაში „ჰამასს“ გაანადგურებს. ეს განცხადება მან პარასკევს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ჰამასის“ ბოლო ელემენტები, ბოლო ნარჩენები ქალაქ ღაზაში არიან ჩაბუდებულნი. ისინი იმუქრებიან, რომ 7 ოქტომბრის სისასტიკეს კვლავ გაიმეორებენ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შემცირებულია მათი ძალები. ამიტომაც ისრაელმა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. სწორედ ამიტომ გვსურს, ეს რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
„მსოფლიოს დიდ ნაწილს 7 ოქტომბერი აღარ ახსოვს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს. ისრაელს ახსოვს 7 ოქტომბერი. 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელებზე ყველაზე მძიმე თავდასხმა განახორციელა. მათ დახოცეს 1,200 უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის 40-ზე მეტი ამერიკელი და უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, – დასძინა მან.