თადარიგის პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში ბრალდებულ ბაჩო ახალაიას პროცესზე ბრალდების მოწმეები, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დახურულ რეჟიმში დაიკითხნენ.
ბაჩო ახალაიას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მოწმეებმა თავდაცვის მინისტრობის დროს სამინისტროდან ახალაიას მიერ თანხების გაფლანგვის ბრალდება არ დაადასტურეს:
“ეს დაცვის მოწმეები უფრო არიან, ვიდრე ბრალდების. თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით როდესაც საუბრობენ, ეს არის თავად მათი დანაშაული. რეალურად ის ხალხია დასაჭერი, ვინც დღეს მოწმეებად ჰყავდათ მოყვანილი.“
პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით კი მოწმეებმა ბრალდების არგუმენტები დაადასტურეს:
“დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა მოწმეები, რომლებმაც ისაუბრეს როგორ ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში უშუალოდ მინისტრის, ბაჩანა ახალაიას მითითებითა და დავალებით, ასევე მეგის ქარდავას დავალებით ოპერატიული ხარჯების გაფლანგვა. აღნიშნულმა მოწმეებმა კატეგორიულად, ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით ისაუბრეს კანონით დადგენილი რა პროცედურების დარღვევით ხდებოდა კონკრეტული თანხების გადინება“.
შემდეგი სხდომა 29 ივნისს ჩატარდება.
