ჩემი შეხვედრები მოსახლეობასთან ძალიან პოზიტიურია. პირველი ზღვისუბნელი ვარ, ვინც კენჭს იყრის თვითმმართველობის არჩევნებში და შესაბამისად, ჩვენი ერთი ყოველდღიურობა გვაქვს. მე ჩემს ენერგიას არ დავიშურებ და ჩემი ახალგაზრდული ჟინით შევუდგები ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, თემქას გავხდი ისეთს, როგორიც თემქელებს სურთ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევის (ზღვის უბანი, თემქა) რაიონში, ირაკლი ბენდელიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ზღვის უბანში უამრავი კარგი პროექტი განხორციელდა.
„პროექტების განხორციელება დღემდე მიმდინარეობს. მე კარგად მესმის ის პრობლემებიც, რაც ამ უბანში არის. მე ვარ იმ უბნელი და მე და ზღვისუბნელებს ერთი ყოველდღიურობა გვაქვს. მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია მაქვს. ბევრჯერ შევხდი ადგილობრივ მოსახლეობას და ერთად გავიარეთ ის პრობლემები, რაც ზღვის უბანს გააჩნია“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ახერხებს არსებული პრობლემების მოგვარებას. როგორ ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, ზღვის უბანში თითქმის ყველა კორპუსი გადაიხურება.
მაჟორიტარობის კანდიდატმა თემქის ხევზეც ისაუბრა.
„ზღვის უბნის პარკმა მოიცვა სრულიად თემქა. ეს არის 25 ჰექტარზე გადაჭიმული 70 ათასი ხე-მცენარით, რომელიც არის ჟანგბადის ულევი წყარო. პარკმა უბნის იერ-სახე ძალიან გაალამაზა, ასევე მას ეკონომიკური ეფექტიც აქვს, უძრავი ქონება ძალიან გაძვირდა. ვფიქრობ, ეს პროექტი მაქსიმალურად გააძლიერებს ჩვენი უბნის როგორც ეკონომიკას, ისე ვიზუალურ მხარეს და მოიზიდავს უამრავ ინვესტორს“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
ირაკლი ბენდელიანმა შიდა კვარტალურ გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩვენ გავაკეთებთ შუქნიშნებს, ზებრა გადასასვლელებს, ბევრ ადგილზე ტროტუარები მოსაწესრიგებელია. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იყოს“, – აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.