რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას მკაცრი პასუხი გაეცემა და ამ საკითხთან დაკავშირებით ნატო და ევროკავშირი გააფრთხილა. ლავროვმა აღნიშნულის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს აბრალებენ, რომ გეგმავს თავდასხმას ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირის ქვეყნებზე.
„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ უარყო ეს პროვოკაციები. რუსეთს არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს ასეთი განზრახვები, მაგრამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას მკაცრი პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა ლავრომა.
ამასთან, სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა დასავლეთის პოზიცია ირანის ბირთვული პროგრამის საკითხთან დაკავშირებით.
„გუშინ, უსაფრთხოების საბჭოში, დასავლეთმა უარყო ჩინეთისა და რუსეთის რაციონალური წინადადება 2015 წლის ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების ვადის გაგრძელების შესახებ, რათა დიპლომატიისთვის დრო გამოეყოთ“, – აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ეს გადაწყვეტილება აჩვენებს დასავლეთის განზრახვას, რომ კონსტრუქციულად სიტუაციის მოგვარების პროცესი ჩაშალოს.
„ჩვენ ამ პოლიტიკას მიუღებლად მივიჩნევთ და ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენის ყველა მანიპულაცია, ისევე როგორც თავად სანქციები, უკანონოა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.