სეულში, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე, რუსეთისა და ბელარუსის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტების წევრობის შეჩერების გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირეს.
„ეს ნიშნავს, რომ ბელარუსისა და რუსეთის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტები ახლა აღადგენენ საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტში საკუთარ უფლებებსა და პრივილეგიებს, ორგანიზაციის კონსტიტუციის მიხედვით. ამ წევრებთან ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს ამისთვის საჭირო პრაქტიკული ზომების მიღება“, – აღნიშნეს საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტში. ეს კი ნიშნავს, რომ ორივე ნაკრები მომდევნო პარალიმპიადებზე საკუთარი დროშების ქვეშ ასპარეზს შეძლებს.
რუსეთსა და ბელარუსს საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტში წევრობა 2023 წელს, „კონსტიტუციური საწევრო ვალდებულებების დარღვევის“ გამო ნაწილობრივ შეუჩერეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას „ სამარცხვინო“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ასეთი პოზიცია „ახალისებს რუსულ აგრესიას, ტერორსა და მკვლელობებს, ხელს უწყობს რუსული და ბელარუსული რეჟიმების დაუსჯელობას, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მშვიდობის დამყარების მიზნით, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაზე მუშაობს“.