ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაახსენდათ ერთი, წინა რეზოლუციაში, სადაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდეს და დღეს, როდესაც ქართველ ხალხს ამ რეზოლუციით თავს დაესხნენ, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გუშინ მიღებული რეზოლუცია შეაფასა. მისივე თქმით, რეზოლუცია ინიცირებული იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველი ჯგუფია და რამდენიმე დღის წინ ამ პარტიის შეკრებაზე გამოდიოდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები.
„ის პარტია, რომელიც ქვეყანაში აანონსებს დამხობასა და ძალადობას, ჰყავთ თავის წევრად, ხელს ართმევენ და რაღაც სალონური ურთიერთობა აქვთ. ესეც თავის მხრივ, ადასტურებს იმას, რომ ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციაა „ევროპის სახალხო პარტია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 612 წევრი ჰყავს და მათგან დაახლოებით, 65-მა დაუჭირა რეზოლუციას მხარი.
„წარმოიდგინეთ, საქართველოს პარლამენტი 15 წევრის გადაწყვეტილებით რომ იღებდეს კანონებს! ჯერ ამას შევხედოთ, რამხელა აბსურდია და რამდენად დაბალი მხარდაჭერა აქვს. ასეთი სახით რომ ხდება რეზოლუციის მიღება, ეს ცალკე სკანდალია“, – დასძინა პაპუაშვილმა.
მან მოიშველია სტატისტიკაც. პაპუაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით სულ 4 რეზოლუცია აქვს მიღებული 2007-2011 წლებში, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.
„ამ რეზოლუციებში არაფერი აქვთ ნახსენები 7 ნოემბერზე, 26 მაისზე, პატიმრების წამებაზე, ქონებების ჩამორთმევაზე, ყველაფერზე, რაზეც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მტკიცებულებები აქვს მიღებული. არც ერთხელ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ერთი სიტყვა არ დაუძრავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, ქონების ჩამორთმევაზე და სხვა ასეთი სახის დანაშაულებზე. ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაახსენდათ ერთი, წინა რეზოლუციაში, სადაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდეს და დღეს, როდესაც ქართველ ხალხს ამ რეზოლუციით თავს დაესხნენ. ასე რომ ეს არის სამწუხარო მდგომარეობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.