4 ოქტომბერს ავიცილეთ 90-იანი წლების საქართველო. ჩვენ ნეპალთან და მაიდან შედარებაც არ გვჭირდება, იმიტომ რომ ნეპალი და მაიდანი ჩვენს ქვეყანაში გვინახავს 90-იან წლებში, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 4 ოქტომბერს უცხოეთიდან წაქეზებულ ძალადობას ევროპულ და ქრისტიანულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.
„ჩვენ ის თაობა ვართ, ვინც ეს ყველაფერი გამოვიარეთ – რა დაემართა ჩვენს ქვეყანას და რა დავმართეთ ჩვენს ქვეყანას და ამას დღისით, მზისით გვიპირებდნენ უცხოეთიდან წაქეზებული ჯგუფები ევროკავშირის დროშით აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის ატრიალებას. განა სირცხვილი არ არის, რომ ევროკავშირის დროშით პრეზიდენტის სასახლეს შტურმით იღებდნენ? ეს კადრები ხომ გახსოვთ? ეს ხომ სირცხვილია და ზუსტად ეს არის ის, რასაც სინამდვილეში ბრიუსელის დემოკრატია დღეს ევროკავშირს უკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დავინახოთ და გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ბრიუსელი თუ სხვადასხვა დედაქალაქის პოლიტიკური ჯგუფები და ევროკავშირი – ის ღირებულებები, რომლის შემოქმედებიც ჩვენ ვართ. ევროკავშირი დგას ევროპულ ანუ ქრისტიანულ ღირებულებებზე და არაფერი საერთო უცხო ქვეყნის წაქეზებულ ძალადობას ევროპულ და ქრისტიანულ ღირებულებებთან არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.