მადაგასკარის პრეზიდენტმა, ანდრი რაძოელინამ ქვეყნის პარლამენტი იმპიჩმენტის შესახებ დაგეგმილი კენჭისყრის წინ დაითხოვა.
როგორც „ბიბისი“ წერს, პრეზიდენტმა ამის შესახებ „უსაფრთხო ადგილიდან“ დისტანციურად მიმართვის დროს განაცხადა.
მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
ანდრი რაძოელინა აცხადებს, რომ იძულებული გახდა, თავი უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
თუმცა, როგორც „ბიბისი“ იუწყება, მადაგასკარის ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს არ აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება და მისი გადაწყვეტილება უკანონოა.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, მადაგასკარის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. პარლამენტში ოპოზიციის ლიდერმა, სიტენი რანდრიანასოლონიაიკომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა, ანდრი რაძოელინამ ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც არმიის დანაყოფები მომიტინგეებს შეუერთდნენ.
მადაგასკარში წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო დემონსტრაციები 25 სექტემბერს დაიწყო და დროთა განმავლობაში ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში კორუფცია და ცუდი მმართველობა გახშირდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე თანამდებობას დროებით სენატის ლიდერი დაიკავებს.
გაერო-ს მონაცემებით, 25 სექტემბრიდან მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა.