პოლიციამ ბრიუსელში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მობილიზებული იყო სპეცრაზმი.
„ასოშიეთედ პრესსის“ ცნობით, დემონსტრანტები კვამლის ყუმბარებს ისროდნენ, რის შემდეგაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.
საპროტესტო აქციების გამო ბელგიის დედაქალაქში ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებული იყო.
ბრიუსელსა და ბელგიის სხვა ქალაქებში დღეს საპროტესტო აქციები და გაფიცვები გაიმართა. აქციების ორგანიზატორები პროფკავშირები იყვნენ. ისინი აპროტესტებდნენ საპენსიო და ჯანდაცვის ხარჯების შემცირების გეგმას, რომლითაც ბელგიის პრემიერ მინისტრი ბარტ დე ვევერი გამოვიდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 150 ათასი ადამიანი შეუერთდა.
ამასთან, აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა გაფიცვის გამო, ბრიუსელში ყველა ავიარეისი გაუქმდა.