მექსიკაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობას გასულ კვირას 64 ადამიანი ემსხვერპლა, 65-ზე მეტი მოქალაქე დაკარგულად მიიჩნევა. შესაბამისი მონაცემები მთავრობამ გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ტროპიკულმა წვიმამ მექსიკის ყურის სანაპირო რაიონებში და ცენტრალურ შტატებში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
როგორც პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, ასეთი მასშტაბის ინტენსიური წვიმა მოულოდნელი იყო.
პრეზიდენტის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მექსიკაში დაზიანდა 100 ათასამდე საცხოვრებელი სახლი. შეინბაუმი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას გეგმავს მიყენებული ზარალისა და აღდგენითი სამუშაოების განსახილველად. ასევე, პრეზიდენტი მოინახულებს წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატებს.
სამოქალაქო თავდაცვაში აცხადებენ, რომ სტიქიამ ყველაზე მეტად იდალგოსა და ვერაკრუზის შტატები დააზარალა. წვიმამ და წყალდიდობამ დაანგრიეს ხიდები და გზები.
მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანმა, ადმირალ რაიმუნდო მორალესმა განაცხადა, რომ სტიქია იყო წვიმების სეზონის პერიოდში უკვე ადიდებული მდინარეებისა და მთების თავზე თბილი და ცივი ჰაერის მასების შეჯახების შედეგი.