უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად გაუარესებული სიტუაციის გამო, ახლომდებარე სოფლებიდან იმ ოჯახების ევაკუაცია დაიწყო, რომელთან ბავშვები ჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სულ დაგეგმილია 409 ოჯახის ევაკუაცია. შესაბამისი მარშრუტი და ადამიანების დროებითი განსახლების ადგილები უკვე განსაზღვრულია. ევაკუირებულ ოჯახებს მიანიჭებენ დროებით გადაადგილებული პირის სტატუსს და მათ ექნებათ წვდომა სოციალურ დახმარებასთან.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომამდე ქალაქ კუპიანსკში 27 000 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო ახლომდებარე დასახლებებში მცხოვრები პირების ჩათვლით მოსახლეობა 56 000-ს შეადგენდა. 2022 წლის 27 თებერვალს კუპიანსკი დაიკავა რუსეთის არმიამ, მაგრამ სექტემბერში ის უკრაინულმა მხარემ გაათავისუფლა.
კუპიანსკთან საბრძოლო მოქმედებები 2023 წელს განახლდა. ერთი წლის შემდეგ ქალაქიდან ევაკუაცია დაიწყო, ხოლო 2025 წლის თებერვალში კუპიანსკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ქალაქში სიტუაცია კრიტიკულია. მათივე ცნობით, ამ დროს ქალაქში 3,1 ათასი ადამიანი რჩებოდა.
2025 წლის სექტემბერში კუპიანსკში სამოქალაქო პირებს შესვლა აუკრძალეს. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის არმია ქალაქში მდებარე შენობების 2/3-ს აკონტროლებს.
უკრაინული პროექტის „დიფსთეითის“ ცნობით, კუპიანსკის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ცენტრალური და დასავლეთ ნაწილი კი ე.წ. რუხ ზონად ითვლება, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ქალაქის ჩრდილოეთში მდებარე რაიონები რუსეთის არმიას აქვს დაკავებული.