ზუსტად ვიცი, რამდენი მძევალი ჰყავს „ჰამასს“ და თუ მათ არ მივიღებთ, ისრაელმა იცის, როგორ მოიქცეს შესაბამისად, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, „ჰამასის“ მიერ ღაზაში დარჩენილი გარდაცვლილი მძევლების ცხედრების დაბრუნების დაგვიანების შესახებ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.
როგორც მედია წერს, ისრაელის ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციას მეტ დროს მისცემენ, რათა ზეწოლა მოახდინონ შუამავლებზე და „ჰამასმა“ მძევლების ცხედრები დროულად დააბრუნოს.
მედიის ცნობით, „ჰამასს“ ისრაელისთვის 19 მძევლის ცხედარი ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია. „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ისრაელს ყველა ცხედარი გადასცეს, რომელთა პოვნაც შეძლეს.
15 ოქტომბერს ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჰამასთან“ სამშვიდობო შეთანხმების მომდევნო ეტაპზე გადასვლა მხოლოდ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ მოხდება, რაც დაჯგუფების მიერ ყველა დაღუპული ისრაელელი მძევლის ცხედრის გადაცემას გულისხმობს. ისრაელში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს განაახლებენ.