ეს სკანდალური საქმე თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს შეისწავლა. დაიდო დასკვნა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობაზეა საუბარი, თუმცა საქმეს სამართლებრივი მსვლელობა არ მისცემია. ალასანიას უწყებამ დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმე არათუ პროკურატურას არ გადაუგზავნა, არამედ დაზარალებული ბიზნესმენისთვის კუთვნილი ქონების დაბრუნებაზე თავი შეიკავა.
პრობლემები არც შემდგომი მინისტრების პერიოდში მოგვარდა, რის გამოც დაზარალებული იძულებული გახდა, პროკურატურისთვის თავადვე მიემართა.
გასულ კვირას კი დაზარალებულები მთავარ პროკურატურაში მიიწვიეს და აცნობეს, რომ სახელმწიფო მათთვის ჩამორთმეულ ქონებას უკან უბრუნებთ. ცნობილი გახდა ისიც, რომ შესაძლოა, მალე ამ საქმეზე ბრალი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს წაუყენონ. არსებობს თუ არა ამის მტკიცებულებები, ამას ოდნავ ქვემოთ ბიზნესმენ ნოდარ კაკაბაძის ინტერვიუდან შეიტყობთ, მანამდე კი ვნახოთ პროკურატურის განცხადება:
„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც დაზარალებულ კომპანიებს: შპს „FLY ADJARA“-სა და შპს „ავიატორს“ დაუბრუნდებათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ თვითნებურად და უკანონოდ დაუფლებული საფრენი აპარატები: ვერტმფრენები და 2 თვითმფრინავი.
დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ დაუფლების მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „FLY ADJARA“-ს 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული კანონიერ საკუთრებაში ჰქონდა 10 ცალი „EXEC162F“ საფრენი აპარატის კომპლექტი, ხოლო შპს „ავიატორს“ 2010 წლიდან კანონიერ საკუთრებაში ჰქონდა ერთი comp air 8“ მოდელის 6-8-ადგილიანი თვითმფრინავი და ერთი „comp air 10“ მოდელის 7-10-ადგილიანი თვითმფრინავი, ასევე, 3 ერთეული „EXEC162F“ საფრენი აპარატი.
აღნიშნული საფრენი აპარატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ინტერესის ქვეშ მოექცა და მათი უკანონოდ დაუფლება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბსა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტზე დაქვემდებარებულმა თანამშრომლებმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე შპს „ავიატორის“ ანგარებიდან ხსენებული საფრენი აპარატები ამწის გამოყენებით ტრაილერებზე დატვირთეს და მათი შემდგომი გამოყენებისა და დაუფლების მიზნით ქ.თბილისში 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანეს, რის შედეგადაც მესაკუთრეებს ჩამოერთვათ მათი ქონების ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა.
პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „FLY ADJARA“-ს წარმომადგენელს ნოდარ კაკაბაძეს და შპს „ავიატორის“ წარმომადგენელს ჯუმბერ დიასამიძეს დაუბრუნდებათ ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე განთავსებული და დასაწყობებული 2 ერთეული comp air 8 და comp air 10 ტიპის თვითმფრინავი, 3 ერთეული „EXEC162F“ ტიპის შვეულმფრენი და იმავე ტიპის 10 ერთეული შვეულმფრენის ასაწყობი კომპლექტი.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, მათ მიმართ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“.
ავიაკომპანია Fly Adjara-ს მფლობელმა, ბიზნესმენმა ნოდარ კაკაბაძემ ყოფილი მაღალჩინოსნების სავარაუდო დანაშაულის შესახებ პირველად დუმილი სწორედ „პრაიმტაიმთან“ დაარღვია და ამ საქმის დეტალები მოგვიყვა. ირკვევა, რომ 2010 წლის 30 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში საწვავის შევსების მიზნით დაჯდა ბულგარეთიდან თურქმენეთში მიმავალი Fly Adjara-ს კუთვნილი თვითმფრინავი. მას აშხაბადში თურქმენეთის უშიშროების სამსახურის დაკვეთით შეიარაღება გადაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავს სამხედრო დანიშნულების ტვირთი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ყველა საჭირო დოკუმენტის საფუძველზე გადაჰქონდა, ბათუმის აეროპორტიდან მას ფრენის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა, იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით, ავიაკომპანიის მფლობელი ნოდარ კაკაბაძე და ორი უკრაინელი მფრინავი დააპატიმრეს, აეროპორტის ტერიტორიაზე Fly Adjara-ს კუთვნილ ანგარებში გენშტაბის უფროსის ბრძანებით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღება შეიტანეს, იქ განთავსებული ვერტმფრენები კი თბილისში, „დელტას“ ბაზაზე გადაიტანეს.
როგორ განვითარდა ეს გაუხმაურებელი საქმე? რატომ დაიბარეს თურქმენეთის უშიშროებაში საქართველოს ელჩი? რა საიდუმლო ვიზიტით სტუმრობდა თბილისს ვიქტორ იუშჩენკო და რატომ დააჯილდოვა სააკაშვილმა ახალაიას მიერ იარაღის კონტრაბანდაში მხილებული ბიზნესმენი? ამ საქმის გარემოებებზე „პრაიმტაიმს“ Fly Adjara-ს მფლობელი ნოდარ კაკაბაძე ესაუბრა:
– აეროპორტში ჩვენს ტერიტორიაზე პირადად შემოვიდა ბაჩანა ახალაია და კიდევ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები. იმ მომენტში ჩვენი ავიაკომპანია ასრულებდა რეისს ბულგარეთიდან თურქმენეთში და ბათუმში საწვავის შესავსებად დავჯექით. აშხაბადში მიგვქონდა სამხედრო დანიშნულების ტვირთი, ეს იყო თურქმენეთის უსაფრთხოების სამსახურის დაკვეთა. იმ ქვეყნის უშიშროებისთვის ბულგარეთიდან გადაგვქონდა შეიარაღება. გვქონდა შესაბამისი ლიცენზია და ყველა დოკუმენტაცია. პრაქტიკულად ეკიპაჟს დაესხნენ თავს.
– და რას ითხოვდნენ თქვენგან?
– ძირითადად მომართულები იყვნენ ქონების ხელში ჩაგდებაზე. აეროპორტის ტერიტორიაზე ჩვენს პარტნიორ კომპანია „ავიატორს“ მიწის ფართობი და ანგარები ჰქონდა. მე ამ ანგარებში ოფიციალურად წილი არ მქონდა, თუმცა არაფორმალურად ვფლობდი გარკვეულ რაოდენობას. საბაბად მოგვდეს იარაღის უკანონო გადატანა, მინიმუმ 20 წლით გაგიშვებთო. ვუთხარი, უკანონო რატომ არის-მეთქი? წარვუდგინეთ ყველა საბუთი, ჩვენ ამის უფლება გვქონდა ჩიკაგოს კონვენციით, მაგრამ მათთვის არანაირ კონვენციას მნიშვნელობა არ ჰქონდა.
– ანუ იარაღის კონტრაბანდას გედავებოდნენ?
– კი, გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოს გავლით იარაღის გადატანა თავდაცვის სამინისტროსთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. არადა ორი წლის განმავლობაში ეს უკვე მე-4 რეისი იყო და თუ მაშინ თავდაცვის სამინისტროსგან ნებართვა არავის მოუთხოვია, ახლა რა შეიცვალა ხომ?! მანამდე სხვა კომპანია გვქონდა და 2008 წლამდე კოპიტნარის აეროპორტში სამხედრო დანიშნულების ტვირთი დაახლოებით 30-ჯერ ჩამოვიტანეთ, მაშინ ჩვენ მიმართ ასეთი მოთხოვნები არავის წაუყენებია. ცხადია, ეს იყო თითიდან გამოწოვილი საბაბი, რადგან არანაირ ნებართვას ეს ტრანზიტული რეისი თავდაცვის სამინისტროსგან არ საჭიროებდა. ეს ხორციელდებოდა საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე. მოკლედ, დაგვაკავეს მე და კიდევ ორი უკრაინელი, კერძოდ, მფრინავები. სხვათა შორის, სპეციალურად ამ საქმეზე საქართველოში ჩამოსული იყო ვიქტორ იუშჩენკო, რადგან ჩვენი პარტნიორები იყვნენ უკრაინელები. მათ გარკვეული კავშირები ჰქონდათ უკრაინის ექსპრეზიდენტთან. ჩემმა პარტნიორმა სპეცრეისით ჩამოიყვანა იუშჩენკო თბილისში. შეხვედრა შედგა სააკაშვილთან, რომელმაც უთხრათ, მე ეგ ხალხი გავათავისუფლე ციხიდანო. მაშინ ჩვენს პარტნიორს უთქვამს, როგორ თუ გაათავისუფლეთ, ეს ხალხი ამჟამადაც გლდანის ციხეში ზისო. მიშას აუღია ტელეფონი, ვიღაცასთან მწვავე საუბარი ჰქონდაო, როგორც მეუბნებიან უკრაინელები. ამ გასაიდუმლოებული შეხვედრიდან მეორე დღეს წამოგვიყვანეს ბათუმში, საღამოს 9 საათზე სახელდახელოდ მოიყვანეს მოსამართლე და ჩანიშნეს პროცესი. მანამდე პროკურორმა მითხრა, ახლა იმ ორ უკრაინელს გავუშვებთ, შენ ბათუმის ციხეზე დაგტოვებთ და ერთ კვირაში გაგიშვებთო. ვიკითხე, სამივეს ერთი მუხლით წაგვიყენეთ ბრალი და ახლა რატომ ჰყოფთ საქმეს-მეთქი. მითხრეს, შენთან დაკავშირებით ჯერ რაღაცებია გასარკვევიო. პირდაპირ მითხრეს, თუ შეგვეწინააღმდეგები, პრობლემები შეგექმნება არა მხოლოდ შენ, არამედ შენი ოჯახის წევრებსაცო. შემდეგ უკრაინელებმაც უთხრეს, ჩვენ ნოდარის გარეშე ციხიდან არ გავალთო. 10 წუთში ჩატარდა სასამართლო. მფრინავებს ვუთხარი, ჩემ გამო პრობლემებს ნუ შეიქმნით და თქვენ მაინც უშველეთ თავს-მეთქი.
– თქვენი საქმე როგორ გადაწყდა?
– 9 თვის შემდეგ გამათავისუფლეს. მანამდე წამიყენეს პირობა. ახალაია ჯერ თვითმფრინავს ითხოვდა, შემდეგ – ტყვია-წამალს, რომელიც თურქმენეთში გადაგვქონდა, შემდეგ აეროპორტის ტერიტორიაზე ჩვენი მიწის ნაკვეთით და ანგარებით დაინტერესდა. ვუთხარი, კი ბატონო, ანგარს მოგცემთ თავისი ტერიტორიით (4000 კვ.მ-ია), ოღონდ ჩემი განთავისუფლების შემდეგ-მეთქი. ამ ქონების მეწილე კი ვიყავი, მაგრამ ოფიციალურად ჩემზე არ იყო გაფორმებული, კომპანია „ავიატორს“ ეკუთვნოდა. სამხედრო პოლიციის უფროსმა, ლევან ზაქრაძემ მითხრა, ამ კომპანიის ხელმძღვანელსაც დავიჭერთ, ნარკოტიკს ჩავუდებთ, თუ არ გადმოაფორმებთო. მოკლედ, 9 თვის თავზე გამომიშვეს იმ პირობით, რომ ქონება უნდა მიმეცა, ანგარები თავისი მიწით. ქონება იპოთეკით იყო დატვირთული, მეთქი, დამელოდეთ, სანამ იპოთეკასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოვაგვარებ და გადმოგიფორმებთ-მეთქი, ეს პროცესი გარკვეულწილად გაიწელა და ამასობაში წავიდნენ კიდეც „ნაციონალები“.
– ანუ ვერ მოახერხეს ტერიტორიაზე შესვლა?
– ტერიტორიაზე იყვნენ შესულები, უბრალოდ, ოფიციალურად მათზე არ იყო გადაფორმებული. იქ დასაწყობებული ვერტმფრენები წაიღეს. სულ ორი ანგარია, ერთში სამთავრობო დაცვა შევიდა, კატარღები შეიყვანეს, მეორეში კი თავდაცვის სამინისტრომ ხელყუმბარები და საავიაციო ჭურვები განათავსა. ვერტმფრენები კი დატვირთეს და წაიღეს თბილისში, ყოფილი 31-ე ქარხნის, ამჟამად „დელტას“ ტერიტორიაზე. რომ გავაპროტესტე და ვუთხარი, ამას რატომ აკეთებთ, ასე არ შევთანხმებულვართ-მეთქი, მითხრეს, – შენ არავინ გეკითხება, ჩვენ მინისტრის ბრძანებას ვასრულებთო, ახალაიაზე მითხრეს.
– ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რა ხდება?
– მე შესაბამის უწყებებთან დავაყენე ეს საკითხი, წავიდნენ მოლაპარაკების გზით და ანგარებიდან გავიდნენ, გაიტანეს თავისი შეიარაღება, მაგრამ ჩვენი კუთვნილი ვერტმფრენები და ორი თვითმფრინავი ამ დრომდე კვლავ „დელტას“ ტერიტორიაზე იყო. ამ საკითხზე ალასანიას დროს მივმართე თავდაცვის სამინისტროს, შექმნეს კომისია. ჩატარდა მოკვლევა, რის საფუძველზეც მოგვცეს დასკვნა, რომ კუთვნილ ვერტმფრენებს დაგვიბრუნებდნენ, მაგრამ ეს ამ დრომდე არ გაკეთდა.
– თუკი თავდაცვის სამინისტრომ დადო დასკვნა, რომ უკანონოდ ჩამოგართვეს ეს ვერტმფრენები, რატომ არ გადაუგზავნეს ეს დოკუმენტი პროკურატურას?..
– ეს უკვე ალასანიას უნდა ჰკითხოთ. ის, რომ პროკურატურას არ გადაუგზავნეს, კიდევ ცალკე დარღვევაა, თუმცა მოგვიანებით მე თავად მივმართე პროკურატურას.
– იარაღს, რომელიც აშხაბადში გადაგქონდათ, რა ბედი ეწია?
– რა თქმა უნდა, ეს იარაღი დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდა. შემდეგ ჩვენ მოგვიწია, ხელმეორედ ყიდვა და ჩატანა. ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვა სამთავრობო დონეზე. ჩვენი ელჩი დაიბარეს თურქმენეთის საგარეო უწყებაში და უსაფრთხოების სამსახურში. ელჩმა თბილისიდან მიღებული ინსტრუქციით იქ განუცხადათ, რომ თითქოს საბუთები არ გვქონდა სისრულეში და ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა იმიტომ შეფერხდა. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბულგარეთმაც ოფიციალური ნოტა გამოგზავნა. ამასთანავე, როგორც გითხარით, 2011 წლის მარტსა თუ აპრილში სპეციალურად ჩამოვიდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშჩენკო, რომელსაც სააკაშვილთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. ეს ვიზიტი არ გახმაურებულა. ჩემმა პარტნიორმა სპეციალურად იქირავა თვითმფრინავი და ისე ჩამოიყვანა. შეხვედრა შედგა უშუალოდ სააკაშვილის კაბინეტში. მიშამ რომ უთხრათ, ესენი უკვე გავათავისუფლეთო, ჩემს პარტნიორს გაეცინა, რადგან იმ მომენტში ისევ ციხეში ვიჯექით… სხვათა შორის, ახალაიას დროს 26 მაისს სამხედრო გამოფენა რომ მოეწყო, ჩვენი ორი ვერტმფრენი ჰყავდათ გამოყვანილი, როგორც „დელტას“ წარმოება.
– თქვენი ავიაკომპანია საერთოდ დახურეს?
– საგადასახადო შემოუშვეს, აბსურდული ჯარიმები დაგვაწერეს და ლიცენზია ჩამოგვართვეს. ყველაზე ცინიკური კი იცით, რა არის?! – განთავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ, სააკაშვილმა ავიაციაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დამაჯილდოვა. ანუ ბაჩო ახალაიამ იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით დამაპატიმრა, სრულიად უკანონოდ 9 თვე მაყურყუტეს ციხეში, წამართვეს ქონება და ამ ყველაფრის შემდეგ სააკაშვილი მაჯილდოებს. მაშინ ამ ჯილდოზე შიშის ფაქტორის გამო უარი ვერ ვთქვი, ვიფიქრე, – ისევ უკან არ შემაბრუნონ-მეთქი.
საფრენი აპარატების, ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამორთმევის საქმეზე პროკურატურამ შესაძლოა, მალე ახალი ბრალდება წაუყენოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, გენშტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძესა და სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ლევან ზაქრაძეს. როგორც „პრაიმტაიმს“ კომპანიის მფლობელების ინტერესების დამცველმა სოფო ხორგუანმა განუცხადა, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შესაძლოა არა ერთი, არამედ ორი მიმართულებით წარიმართოს.
„გამოძიება გრძელდება, ვის მიმართ დადასტურდება ბრალი და ვის წაუყენებენ ბრალს, ამას პროკურატურა გადაწყვეტს, მაგრამ ეს არის ერთი ნაწილი. თავის დროზე ნოდარ კაკაბაძეს ბრალიც უკანონოდ წაუყენეს და მის გადახედვას ვითხოვთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბრალის გადახედვასაც მივაღწევთ და შესაბამისად, გამოიკვეთება იმ ადამიანების ბრალეულობა, ვის გამოც დაზარალდა ბატონი ნოდარი და ვის გამოც მის მიმართ განაჩენი დააყენეს“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
www.primetime.ge