თურქეთის ქალაქ სტამბოლში ღაზის სექტორის საკითხზე მორიგი შეხვედრა გაიმართება, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.
ფიდანის თქმით, სამიტზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე გადასვლისა და უსაფრთხოების ძალების განთავსების საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, იორდანიის, პაკისტანის, ინდონეზიისა და საუდის არაბეთის პირველი დიპლომატები დაესწრებიან.
„ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების საკითხზე, რაც ასეთი დიდი ძალისხმევით იქნა მიღწეული, შეშფოთების მიზეზი არსებობს. მხარეებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ცეცხლის შეწყვეტის პირობა შენარჩუნდეს და ჰუმანიტარული დახმარების შეტანა გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ისრაელი კვლავინდებურად ხელს უშლის ღაზაში საჭირო რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას. შეხვედრაზე ასევე განვიხილავთ სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებულ მეორე ეტაპზე გადასვლას, უსაფრთხოების ძალებისა და სხვა სტრუქტურების შექმნის საკითხს“, – განაცხადა ფიდანმა.
