ვიზალიბერალიზაციის თემა, სამწუხაროა, მაგრამ ხალხის საკუთარ ხელისუფლებასთან დაპირისპირების მეთოდად გამოიყენება, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ გადაცემაში „EURO ანატომია“.
„ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ ევროპაში არის მოძრაობა, არის ხალხი, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონაც მიუღებლად მიიჩნევენ ასეთ დამოკიდებულებას ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ჩვენ ვართ და ხვდებიან, რომ ჩვენისთანა ქვეყნებს აქვთ უფლება, დაფიქრდნენ ისე, რასაც რეალპოლიტიკა ჰქვია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისინი მოვიდნენ უმრავლესობაში და ჩვენ შევინარჩუნოთ საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა შიგნით ამ იდეებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ვის ინტერესებზე არის მორგებული შანტაჟის პოლიტიკა და რამდენი ხანი შეინარჩუნებს აქტუალურობას ეს თემა, რაზეც კაკულიამ განაცხადა, რომ ეს გაგრძელდება, ვიდრე ევროპარლამენტი ამ შემადგენლობით იქნება.
„ევროკავშირის ის ლიდერები, რომლებიც ახლა ამ პოზიციით დომინირებენ, მათი რეიტინგები საკუთარ ქვეყნებში 20%-ს არ სცდება. ჩვენი ყველაზე მძიმე პერიოდი არის ევროპარლამენტის შემდეგ არჩევნებამდე, როდესაც გამორიცხულია, იქ ფუნდამენტალური ცვლილებები არ მოხდეს, რადგან ესენი ქადაგებენ აბსოლუტურად სხვა რამეს, რომელსაც რეალობასთან შეხება არ აქვს. მსოფლიო ვითარდება ისეთი პრინციპებით, რომელსაც არ შეუძლია არ გაითვალისწინოს ის, რომ წესები ნელ-ნელა გადადის უკანა პლანზე“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.
