ნიგერიის მთავრობა პირობას დებს, რომ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და ამ მიმართულებით ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ნიგერია ღვთისმოშიში ქვეყანაა, სადაც პატივს სცემენ რწმენას, ტოლერანტობას, მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას.
„ნიგერიის ფედერალური მთავრობა გააგრძელებს ყველა მოქალაქის დაცვას, რასის, აღმსარებლობისა და რელიგიის მიუხედავად. ამერიკის მსგავსად, ნიგერიას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ აღნიშნოს მრავალფეროვნება, რაც ჩვენი უდიდესი ძალაა. ნიგერია ღვთისმოშიში ქვეყანაა, სადაც ჩვენ პატივს ვცემთ რწმენას, ტოლერანტობას, მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესაბამისად“, – ნათქვამია ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიგერიაში მოვლენები სახიფათოდ ვითარდება, რადგან ათასობით ქრისტიანს კლავენ.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნიგერიაში ქრისტიანობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას და რადიკალი ისლამისტები არიან პასუხისმგებელი „მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე“.
„ნიგერიაში ქრისტიანობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. ათასობით ქრისტიანს კლავენ. რადიკალი ისლამისტები არიან პასუხისმგებელნი ამ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე. ამით მე ნიგერიას „განსაკუთრებული შეშფოთების ქვეყნად“ ვაცხადებ, მაგრამ ეს ყველაზე მცირედია. როდესაც ქრისტიანებს ან ნებისმიერ მსგავს ჯგუფს ხოცავენ, როგორც ეს ნიგერიაში ხდება (მსოფლიოში 3 100 შემთხვევა 4 476-ის წინააღმდეგ), რაღაც უნდა გაკეთდეს! მე ვთხოვ კონგრესმენ რაილი მურს, თავმჯდომარე ტომ კოულსა და წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტთან ერთად, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს საკითხი და მომახსენონ. შეერთებული შტატები ვერ იქნება უმოქმედოდ, ვიდრე ასეთი სისასტიკე ხდება ნიგერიასა და მრავალ სხვა ქვეყანაში. ჩვენ მზად ვართ, გვსურს და შეგვიძლია, გადავარჩინოთ ჩვენი დიდი ქრისტიანი მოსახლეობა მსოფლიოში“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
