მალდივის რესპუბლიკამ 1 ნოემბრიდან დააწესა სრული აკრძალვა მოწევაზე ყველასთვის, ვინც 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაიბადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ეს „დაიცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ხელს შეუწყობს თამბაქოსგან თავისუფალი თაობის აღზრდას“.
კანონის თანახმად, 2007 წლის იანვრის შემდეგ დაბადებულ მოქალაქეებს ეკრძალებათ თამბაქოს ნაწარმის ყიდვა, მოხმარება ან გაყიდვა. აკრძალვა ვრცელდება ყველა სახის ასეთ პროდუქციაზე. მაღაზიების თანამშრომლები ახლა ვალდებულნი არიან, გაყიდვამდე მყიდველების ასაკი შეამოწმონ.
მალდივებზე ასევე ნარჩუნდება აკრძალვა ელექტრონული სიგარეტებისა და ვეიპინგის პროდუქტების იმპორტზე, გაყიდვაზე, გავრცელებაზე, შენახვასა და გამოყენებაზე. ეს აკრძალვა მოქმედებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, ასაკის მიუხედავად.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მალდივები მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც შემოიღო „საყოველთაო აკრძალვა თამბაქოს მოხმარებაზე რამდენიმე თაობისთვის“. ეს წესები ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებზეც ვრცელდება.
