„ჰამასი“ აშშ-ის ბრალდებებს უარყოფს, რომლის მიხედვითაც, დაჯგუფების წარმომადგენლებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონა გაძარცვეს.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ბრალდებები ყალბია, არ გააჩნია საველე მტკიცებულებები და წარმოადგენს სისტემატური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს“, – აცხადებს „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის მთავრობის მედია.
დაჯგუფებამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ძარცვავენ, სავარაუდოდ, „ჰამასის“ წევრები სატვირთო ავტომობილს. CENTCOM-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრმა, რომელიც სამხრეთ ისრაელის ქალაქ კირიათ გათში მდებარეობს, „დააფიქსირა „ჰამასის“ სავარაუდო ოპერატიული პირების მიერ სატვირთო მანქანის ძარცვა, რომელიც ჰუმანიტარული კოლონის ნაწილი იყო და საერთაშორისო პარტნიორებისგან საჭირო დახმარებას აწვდიდა ღაზის ჩრდილოეთით, ხან იუნისში მცხოვრებლებს“.
კადრებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების დასაკუთრებას განაგრძობს. მისი თქმით, დაჯგუფება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგაც არღვევს პირობას და ღაზის სექტორში შესულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ტვირთებს კვლავ ხელში იგდებს.
