რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალს დღეს წარუდგენენ. ადვოკატის ინფორმაციით, წინასწარი მოთავსების იზოლატორში მყოფი მენთეშაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
„ამ ეტაპისთვის ინარჩუნებს დუმილის უფლებას. ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც გულისხმობს შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას და ითვალისწინებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, – განაცხადა ადვოკატმა.
შსს-ს ინფორმაციით, ზურაბ მენთეშაშვილი პირველად 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
