გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე მემორანდუმს. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ხელი ეწერება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
„მემორანდუმი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას. ამ მიმართულებებით თანამშრომლობა და ახალი შესაძლებლობების გაჩენა ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით. შინაარსობრივ ნაწილში გარემოს დაცვის მიმართულებით არის ნარჩენების მართვასთან, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები, გამოცდილებების გაზიარება ეკოტურიზმთან მიმართებით, ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. კიდევ ბევრი სხვა მიმართულებების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება თანამშრომლობის. ეს ყველაფერი გვაძლევს სამინისტროების დაახლოების შესაძლებლობას. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ჩვენსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმება, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეხსნება ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. ამ მიმართულებით ეს არის ჩინეთის მხრიდან აღიარება სურსათის სააგენტოს აქტიური თანამშრომლობის და შესაბამისად, მათი ხარისხის სანდოობის მიმართ. სოფლის მეურნეობაში ასეთი შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
