კვირას, 2 ნოემბერს, მდინარე ნარვაზე რუსული სასაზღვრო კატარღა დაფიქსირდა, რომელზეც ცნობილი რუსული გასამხედროებული ორგანიზაცია „ვაგნერის ჯგუფის“ დროშა იყო გამოფენილი.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „X“ პლატფორმაზე ხუმრობით დაწერა, რომ „ვაგნერის ჯგუფმა“, როგორც ჩანს, რუსეთის სასაზღვრო ხელისუფლება ჩაიგდო ხელში.
„ვაგნერი“ ისევ მოსკოვის ასაღებად მიდის, თუ ამჯერად სანქტ-პეტერბურგით იწყებს? ძნელი სათქმელია. ჩვენი მხრიდან ისე ჩანს, რომ მათ უკვე მოახდინეს რუსეთის საზღვრის ანექსია. ვინ იცის…“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პოსტში.
საგარეო საქმეთა მინისტრი: მდინარე ნარვაზე „ვაგნერის“ დროშა რუსეთის სისტემის გახლეჩილი ნიშანია
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ქვეყნის საზღვართან „ვაგნერის ჯგუფის“ დროშის აფრიალება რუსეთის სისტემის გახლეჩის ნიშანია.
„ჩვენი ინფორმაცია, ისევე როგორც ფოტო და ვიდეო-მასალა, მიუთითებს, რომ დღეს მდინარე ნარვაზე მოძრაობდა რუსული სასაზღვრო კატარღა, რომელზეც „ვაგნერის ჯგუფის“ დროშა ფრიალებდა“, – აღნიშნა ცაჰკნამ სამინისტროს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის საშუალებით.
„ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, ცოცხალია თუ არა „მზარეულ“ პრიგოჟინის სული; „ვაგნერის“ გუნდი კვლავ ცდილობს მოსკოვის აღებას, თუ ამჯერად სანქტ-პეტერბურგს დაუმიზნეს?“ – განაგრძობს ის.

„თუმცა, ეს სანახაობა მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებს, რომ კრემლის მიერ დაწყებული აგრესიული ომისა და დასავლეთის მუდმივი ზეწოლის შედეგად, რუსეთის „რკინის“ სისტემა იბზარება. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რასაც არ უნდა ცდილობდნენ რუსები მდინარე ნარვაზე, ეს ჩვენი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ხდება“, – დასძინა ცაჰკნამ.
პრემიერ-მინისტრი: პუტინს, როგორც ჩანს, იდეები გამოელია
ინციდენტს ესტონეთის კიდევ რამდენიმე ლიდერი შეხვდა მწარე ირონიით.
პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა („რეფორმების პარტია“) აღნიშნა: „პუტინს, როგორც ჩანს, იდეები გამოელია და ისევ „ვაგნერს“ უხმობს“.
თავდაცვის სამინისტრომ კი დაწერა: „ხმები დადის, რომ რუსეთის ახალი სტრატეგია საკუთარი თავის შიგნიდან დაპყრობაა“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივან ჯონათან ვსევიოვს „აინტერესებს“: „სჭირდება თუ არა პუტინს დახმარება, რომ „ვაგნერის“ მიერ სასაზღვრო დაცვის მორიგი ხელში ჩაგდება შეაჩეროს?“.
ესტონეთის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, სვენ საკოვი შენიშნავს: „სანქტ-პეტერბურგის საზღვაო აღლუმზე, წინა წლებში, ოდნავ უფრო დიდი ხომალდები მონაწილეობდნენ“.
წინაისტორია:
„ვაგნერის ჯგუფი“ წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კერძო სამხედრო კომპანიას, რომელიც, საერთაშორისო დონეზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა ცნობილი. 2023 წლამდე მას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებდა. მოგვიანებით, ამ უკანასკნელმა უკრაინაში ომის მიმდინარეობა გააკრიტიკა, რისი კულმინაციაც 2023 წლის ზაფხულის შუა რიცხვებში წარუმატებელი შეიარაღებული აჯანყება გახდა. თავდაპირველად, „ვაგნერის ჯგუფმა“ უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი დონის როსტოვი დაიკავა.
ამის შემდეგ, „ვაგნერის“ კოლონამ მოსკოვისკენ სვლა დაიწყო, მაგრამ მალევე შეჩერდა, ვინაიდან შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თუ სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილება სურდათ, ჯგუფის წევრებს ან თავდაცვის სამინისტროსთან უნდა გაეფორმებინათ კონტრაქტი, ან ბელარუსში გადასულიყვნენ.
ორი თვის შემდეგ, 2023 წლის 23 აგვისტოს, პრიგოჟინი, „ვაგნერის“ სხვა მეთაურებთან, დიმიტრი უტკინთან და ვალერი ჩეკალოვთან ერთად, რუსეთში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ ჯგუფზე კონტროლი ყოფილი ლიდერის შვილმა, პაველ პრიგოჟინმა აიღო.
ჯგუფი პირველად 2014 წელს, დონბასში დაწყებული სეპარატისტული ომის დროს გამოჩნდა და, ზოგიერთი ცნობით, რუსეთის მთავარი მოიერიშე ძალა იყო 2022-2023 წლებში ბახმუტის ბრძოლაში, რა დროისთვისაც მისი რიგები ათიათასობით წევრამდე გაიზარდა.
დაჯგუფებას ბრალი ედება ომის დანაშაულებში იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთისადმი მეგობრული რეჟიმები იყო. ასეთი ქვეყნებია: სირია, ლიბია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და მალი.
ზოგიერთი ცნობით, რუსეთის მთავრობა „ვაგნერს“ მარიონეტულ ძალად (proxy) იყენებდა, რაც მას საზღვარგარეთ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საშუალებას აძლევდა.
https://news.err.ee/1609845951/russian-border-guard-boat-flies-wagner-group-flag-on-narva-river
