პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსთან შურისძიების პოზიციაშია გადმოსული.
მისი თქმით, არ შეიძლება, სახელმწიფოს დააკისრო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თავის ვალდებულებას ასრულებს და ათასგვარი რევოლუციური სცენარს არ აძლევს გასაქანს.
„მათი შეფასებები მიუღებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნებში წააგეს. მას შემდეგ, ისინი არიან საქართველოსთან შურისძიების პოზიციაში გადმოსულები. ხომ გახსოვთ, როგორ მოგვანიჭეს ჩვენ ვიზალიბერალიზაცია? – სხვა შანსი არ ჰქონდათ. მაშინ ასე კი არ თქვეს, რომ სტატუსის მინიჭება საქართველოს მთავრობის დამსახურება იყო, რადგან რეფორმები გაატარა, არამედ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობას კი არა ქართველ ხალხს ვანიჭებთ სტატუსსო. ამიტომ, ახლა დაველოდოთ, როგორ წაართმევენ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციას. ჩვენი პასუხისმგებლობა არ იქნება და რატომ? – არ შეიძლება, შენ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რატომ ჩაატარე გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები და რატომ გაიმარჯვე. არ შეიძლება, პასუხისმგებელი იყო გამჭვირვალობაზე, რაც ევროპაში, მაგალითად, ყველგან მიღებულია, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. არ შეიძლება, სახელმწიფოს დააკისრო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თავის ვალდებულებას ასრულებს და ათასგვარი რევოლუციური სცენარს არ აძლევს გასაქანს. ეს არ არის პასუხისმგებლობა. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. არ შეიძლება, პასუხისმგებლობა დააკისრო სახელმწიფოს იმაზე, რომ შენ შეგიძლია, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მაუწყებლობა დააფუძნო. არ შეგიძლია, პასუხისმგებლობა დააკისრო სახელმწიფოს იმაზე, რომ ამ სახელმწიფოს არც ერთი სატელევიზიო არხი არ აუკრძალია, არ მიუთვისებია და პირიქით, მიმტაცებლებს ჩამოართვა და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნა სასამართლოს გზით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი პასუხს მოსთხოვს მას, ვინც იქნება საქართველოში დემოკრატიაზე ასეთი ორკესტრირებული შეტევის ავტორი.
„ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი და საქართველო არის ყველაზე დაბალი ღობე, რომელსაც ყველაფერი შეიძლება, აკადრო და გაუვიდეს. რა არის ეს ვიზალიბერალიზაცია ბოლოს და ბოლოს? – 90 დღით მიდიხარ უცხოეთში ისე, რომ საელჩოში რიგში დგომა არ გიწევს. და ამას გვაყვედრიან? ამას აყვედრიან ქართველ ხალხს? ქართველ ხალხს, რომელმაც ევროპისა და ნატო-სთვის ამხელა ბრძოლა და შრომა გასწია და კიდევ იმას გვიკიჟინებდნენ, რეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რატომ არ მიიღეთო და ვინ იყო ჩვენი დამცველი? – მთელ ნატო-ში საუკეთესო კონტინგენტები გვყავდა და ერთი თოფი არ უჩუქებიათ საქართველოსთვის. იცი, დიდი რა არის? – დიდი არის საქართველო, საქართველოს გადარჩენა, ამ ქვეყანაში მშვიდობა და არა ის, რომ საქართველო იყოს მარიონეტი ქვეყანა, რომელსაც გამოიყენებენ ისე, რომ ვიზალიბერალიზაცია კი არა ბომბების წვიმას რომ ნატრულობდნენ აქ, ის გახდება მერე თავში სახლელი. ეს არის მთავარი საქართველოსთვის და ნუ გეშინიათ თქვენ, ვიზალიბერალიზაცია არ არის ის თემა, რომელსაც ასე ადვილად მოჰკიდებენ ხელს, რადგან მათ ქართველ ხალხს მიანიჭეს ვიზალიბერალიზაცია და ახლა უნდა დასაჯონ საქართველოს ხალხი. არ აპირებენ და ამიტომ ვერც დააპირებენ, რადგან ჩვენ ვართ მართლები. საქართველო არის მართალი. ეს ქვეყანა არ არის ჩალით გადახურული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
