გადაცემაში „თბილისის დროით“ პოლიტოლოგმა, მწერალმა, ქუინსის ინსტიტუტის responsible statecraft-ის ევრაზიის პროგრამის დირექტორმა ანატოლ ლივენმა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით დასავლელი აქტორების დაინტერესების ძირითადი მოტივები გააანალიზა.
ამ თემაზე კითხვით მას გადაცემის წამყვანმა – ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა მიმართა.
იან პრაუდმა გაიხსენა ლივენის სტატია, რომელი საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოცემა responsible statecraft-ში გამოაქვეყნა და სადაც ავტორი აცხადებდა, რომ მომავალ არჩევნებში მმართველი ძალის გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით საპროტესტო გამოსვლებს მოაწყობდა, მიზანი კი ხელისუფლების დამხობა იქნებოდა.
„ამჟამად არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, ნათელია, რომ დასავლელები თითქმის უპირობოდ უჭერენ მხარს ოპოზიციას და ყველაფერი შენი სიტყვების მიხედვით ახდა. მართალია, ხალხში ამან არ ნახა გამოძახილი და ადგილობრივი პროტესტიც ხდება ძალიან მცირე მასშტაბით. შენი აზრით, რატომ არის დასავლეთი ასე მოწადინებული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაამხოს, რას ფიქრობთ?“ – მიმართა იან პრაუდმა ანატოლ ლივენს.
პასუხად ანატოლ ლივენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დაწყებულმა ომმა, მხოლოდ გააძლიერა უკვე არსებული ტენდენცია.
„დასავლეთის მიდგომა გულისხმობს – თუ საქმე რუსეთს ეხება, ან დასავლეთის მხარეს უნდა იყო, ან მათ წინააღმდეგ. ეს არც თუ ისე მკაფიოდ იყო განსაზღვრული აქამდე ევროპაში, მაგრამ ახლა სწორედ ეს მიდგომაა გადამწყვეტი.
ამ თვალსაზრისს ასაზრდოებს ოპოზიციაც, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელნიც თავის მხრივ უკვე დასავლეთთან არიან მჭიდროდ დაკავშირებულნი. საბოლოო ჯამში დასავლეთის განწყობა შემდეგია – საქართველომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინასა და უკრაინაში დასავლეთის პოლიტიკას. ვგულისხმობ სანქციებს და მხარდაჭერის სხვა ფორმებს. საქართველოს ხელისუფლების მიერ ეროვნული ინტერესების სახელით ამ მოცემულობაზე უარის თქმა კი დასავლეთისთვის მიუღებელია.
ყველაფრის საწყისი კი დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელისუფლების ოპოზიციად გარდასახვით დაიწყო. ეს ომამდე წლებით ადრე მოხდა. სწორედ ასე წარმოიქმნა დასავლური ელიტების ქართულ ოპოზიციასთან თანხვედრა“, – განაცხადა ანატოლ ლივენმა.
