ალეკო ელისაშვილის განცხადებები მცდელობაა, როგორმე ძველი და ახალი „ნაცები“ „ლელოელ“ და „გახარიელელ“ „ნაცებისაგან“ გაემიჯნოს, რომ, როგორმე გადარჩნენ და დარჩნენ აგენტების სახით ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი რეალობას რომ არის აცდენილი, ამაში ახალი არაფერია.
„მისი განცხადებები, იმ პირებთან ხელის ჩამორთმევები, ხვევნა-კოცნა, თუ გადახვევა, რომელთაც მანამდე ლანძღავდა უცხო არ არის. საზოგაოდებამ კარგად იცის, როგორ ლანძღავდა ხაზარაძეს და რას უწოდებდა. შემდეგ კი, მისი ყურმოჭრილ მონად გადაიქცა. მისი განცხადებები იმის მცდელობაა, როგორმე ძველი და ახალი „ნაცები“ „ლელოელ“ და „გახარიელელ“ „ნაცებისაგან“ გაემიჯნოს. მცდელობაა, როგორმე გადარჩნენ და დარჩნენ აგენტების სახით ქართულ პოლიტიკაში. ასევე, როგორმე საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს არ არიან „ნაცები“. საზოგადებამ კარგად იცის, ვინ არიან „ლელოელები“, „გახარიელები“, ძველი და ახალი „ნაცები“. ეს ის კლასტერია, რომელიც ფინანსდება, დავალებებს გარედან იღებს, რომლებიც იბრძვიან, მათ შორის იმისთვის, რომ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება ჩამოშალონ, ძალადობრივად დაამხონ და ხელისუფლება შეცვალონ. მიზანია, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნან და ამ ყველაფერში ჩართული არიან „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცებიც“. ამიტომ მივმართავთ საკონსტიტუციო სასმართლოს, რომ კოლექტიულ „ნაცმოძროაბაში“ გაერთიანებული სამი პარტია აკრძალოს, რათა, როგორმე პოლიტიკა აგენტურისაგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
