ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, სამართალდარღვევის 57 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 55 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 150 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
„ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ოთხი – სამცხე-ჯავახეთის, ცხრა – გურიის, 11 – ქვემო ქართლის, ხუთი – კახეთის, მცხეთა- მთიანეთის – ექვსი, სამეგრელო-ზემო სვანეთის – სამი, ხოლო ერთი – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. ამავე პერიოდში, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ორი ფაქტი. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 510 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1350 კუბური მეტრი შეადგინა.
ამავე პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 56 ფაქტი“,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
