რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზი, წესით, ნამდვილად არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ამ ორკუზიანი ცხოველის დრუნჩის დანახვას შეიძლება მოელოდეთ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში ერთი მათგანი მაინც დაატყვევეს. ამ ამბის ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზა ასეთია: აქლემს ფრონტის ხაზზე სამხედრო აღჭურვილობის გადასატანად იყენებდნენ.
ბრძოლების დაწყებიდან სამწელიწად-ნახევრის შემდეგ, უკრაინაში განლაგებული რუსული სამხედრო არსენალი გაოცებას იწვევს. უცხოელი მებრძოლების, მძიმე ტვირთის გადასატანად მოტოციკლებისა და სკუტერების გამოყენების შემდეგ, ბრძოლის ველზე, როგორც ჩანს, ახალი „კავალერია“ გამოჩნდა. უკრაინელი ჯარისკაცები პირისპირ ამჯერად აქლემს შეეჩეხნენ. ტიკტოკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მირბის თეთრ პიკაპზე გამობმული ორკუზიანი ცხოველი გზის შუაგულში. იქვე, ერთ-ერთი მებრძოლი დაზიანებული ჯავშანმანქანის ძრავის შეკეთებითაა დაკავებული, რომლიდანაც კვამლი ამოდის.
ამის შემდეგ, კადრში ჩნდება ჯარისკაცი, რომელიც თავადაც აშკარად გაოცებული და გამხიარულებულია უდაბნოდან ძალიან, ძალიან შორს მომხდარი ასეთი უცნაური შეხვედრით. „ეშმაკსაც წაუღია, ეს ხომ აქლემია! აქ რა ჯანდაბას აკეთებს? შოკირებული და გაოგნებული ვარ“, – სიცილს ვერ იკავებს უკრაინელი მებრძოლი.
ვიდეოს ქვეშ შემდეგი წარწერაა: „უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანაყოფები არა მხოლოდ ანადგურებენ მტერს, არამედ საბრძოლო აქლემებსაც ატყვევებენ“. საფრანგეთის ტელევიზიის თანახმად, კადრები, სავარაუდოდ, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხარკოვის ოლქში, ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს არის გადაღებული.
ოლივიე ფილიპონოსთვის ვიდეოს ერთი შეხედვაც საკმარისი აღმოჩნდა დასკვნის გასაკეთებლად. „ეს არის ბაქტრიული აქლემი, რომელიც მონღოლური აქლემის სახელითაც არის ცნობილის“, – ამბობს საფრანგეთის აქლემების სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელსაც სააგენტო „ფრანსინფო“ დაუკავშირდა. მისი თქმით, ამ ჯიშის აქლემი „800 კილოგრამიდან ერთ ტონამდე“ იწონის.
ცენტრალური აზიის უდაბნოების მკვიდრ ამ ძუძუმწოვარს, როგორც წესი, ხორცის, რძის მისაღებად და ისეთი აქტივობებისთვის ამრავლებენ, როგორიცაა დოღი და ტვირთის გადაზიდვა. „მას ადვილად შეუძლია 400 კილოგრამი ან მეტი წონის ტვირთის ტარება. ის გადაადგილდება ისეთ ციცაბო ადგილებში, სადაც მანქანები და ადამიანები ვერ დადიან. ამასთან, უძლებს ტემპერატურის დიდ ცვალებადობას, თუნდაც -30 ან -40°C-მდე“, – განმარტავს ოლივიე ფილიპონო.
მოკლედ, აქლემს, როგორც ჩანს, იდეალური „მონაცემები“ აქვს იმისთვის, რომ ფრონტის ხაზის გასწვრივ ჩვეულებრივ მანქანებს ჩაენაცვლოს და სამხედრო მასალები გადაიტანოს. „2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, მოსკოვმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა დაკარგა. ამის გამო, საბრძოლო მასალისა და სხვა მარაგების გადასატანად, რუსული არმია ზოგჯერ ტვირთის გადამზიდავ ცხოველებს იყენებს“, – წერდა დამოუკიდებელი ინგლისურენოვანი გამოცემა „მოსკოვ თაიმსი“ მარტში, თავდაცვის საკითხებში სპეციალიზებულ ჰოლანდიურ ანალიტიკურ საიტზე დაყრდნობით. ის ამტკიცებს, რომ მძიმე სამხედრო ტვირთის გადასატანად ცხენებსა და ვირებსაც იყენებენ.
„ამაში ცუდი არაფერია“, – აცხადებს მოსკოვი
ფრონტის ხაზზე ცხოველების გამოყენება მოსკოვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. „საბრძოლო მასალით, სამხედრო აღჭურვილობითა და საკვებით ქვედანაყოფების მომარაგება უზარმაზარ სირთულეებს ქმნის. ამიტომ, ფრონტზე საბრძოლო მასალისა და სხვა აღჭურვილობის გადასატანად ვიყენებთ ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ვირები ან ცხენები. ეს მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია“, – ასე დაიცვა ფრონტის ხაზზე ცხოველების „გაგზავნის“ იდეა დუმის დეპუტატმა, ვიქტორ სობოლევმა 6 თებერვალს რუსულ ვებსაიტ „გაზეტა.რუ“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენი არტილერიის ნაწილი ცხენებს გადაჰქონდათ. ასევე ვიყენებდით ძაღლებს. მათ ნაღმებს ამაგრებდნენ და იქით უშვებდნენ, სადაც საჭირო იყო“, – ამბობს თავდაცვის კომიტეტის წევრი, თუმცა აქლემებს არ ახსენებს.
ცხოველების გამოყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებითაც კი არის რეგლამენტირებული. „ცხენებით გადაზიდვა წარმოადგენს ტრანსპორტის სახეობას, რომელშიც შებმული ცხოველები (ცხენები და აქლემები 4-დან 7 წლამდე, საჯდომი ირმები 2-დან 5 წლამდე, ვირები 3-დან 7 წლამდე) გამოიყენება გამწევ საშუალებად, ისევე როგორც ურმები და მარხილები“, – ნათქვამია სამხედრო სატრანსპორტო სამსახურის შესახებ დოკუმენტში, რომელიც 1999 წლის 31 დეკემბრით თარიღდება, მოგვიანებით კი, 2005 წლის მაისში, მასში შესწორებები შევიდა.
ომის მხარდამჭერმა რუსმა ბლოგერმა, კირილ ფედოროვმა თებერვალში „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ მანქანების დეფიციტის გამო, თავდაცვის სამინისტრომ ფრონტზე ვირი გაგზავნა.
გრძელბეწვიან აქლემთან შემთხვევითი შეხვედრა უკრაინელ ჯარისკაცებს დღემდე ახალისებს. ეს ვიდეო მობილურ ტელეფონებში ისევ ვრცელდება. „ცხენი სიმართლესთან ახლოს იქნებოდა, მაგრამ აქლემი?… ეს მართლაც ძალიან სასაცილოა“, – იცინის ამჟამად დონეცკის ოლქში მებრძოლი ჯარისკაცი, რომელსაც „ფრანსინფო“ დაუკავშირდა.
„აღნიშნულ ცხოველზე ამჟამად ხარკოვის მახლობლად მდებარე ველური ბუნების პარკი ზრუნავს“, – იტყობინება ბრიტანული გაზეთი „ტელეგრაფი“. თავად ეს ადგილიც რამდენჯერმე გამხდარა რუსული დაბომბვების სამიზნე, განსაკუთრებით 2022 წლის გაზაფხულზე და გასული წლის მარტში. მის მენეჯერებს „ფრანსინფოს“ კითხვებზე ჯერ არ უპასუხიათ.
