იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე მის მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ყოფილი მინისტრი საზღვარგარეთ თავშესაფარს ითხოვს.
”რამდენიმე დღის წინ “შემთხვევით” დაიწერა ცილისმწამებლური პოსტი, რომელიც შემდგომში “შემთხვევით” შემოავრცელდა 200-მდე პირს. ასევე სრულიად “შემთხვევით” საქმეში ჩაერთო ერთ-ერთი ტელევიზია, რომელიც სახლის მიმდებარედ გულმოდგინედ უსვამდა კითხვებს გამვლელებს ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ. ბოლოს მამაჩემთანაც უსაუბრიათ.
გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, პატიმარ სააკაშვილის მწამებელი ვიმყოფები საზღვარგარეთ და ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს მასთან გადაღებული ძველი და ახალი სურათებით.
ცილისწამება უცხო არ არის. ბევრჯერ მინახავს, მათ შორის ასტრონომიული თანხით დაფინანსებული, რომლის მიზანიც იყო, პატიმრის წამება დაგვბრალებოდა. გავიარეთ მრავალი ბინძური მეთოდით წარმოებული დიდი წნეხიც. უსამართლობასთან უკომპრომისო ბრძოლის შედეგად სიმართლე როგორც ქართულ, ასევე სტრასბურგის სასამართლოშიც დავამტკიცეთ და ყველა დარწმუნდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა მოქმედება იყო სრულ შესაბამისობაში როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სამართალთან. სიმართლისათვის უთანასწორო ბრძოლაში კი გოლიათი დამარცხდა და გაიმარჯვა საქართველომ!
ამ მორიგ შეკვეთილ კამპანიაზე არ მექნებოდა რეაგირება ჩემი შვილების ფოტოებიც რომ არ გამოექვეყნებინათ, და სიძულვილი რომ არ ენთხიათ. ეს ყველაფერი არათუ სამართლებრივ, არამედ მორალურ წითელ ხაზებს კვეთს და შემკვეთის უღირსობასა და ადამიანური ღირებულებებისგან დაცლაზე მიუთითებს.
ყველას, ვინც არაადამიანურ დეზინფორმაციაში ნებსით თუ უნებლიედ მიიღო მონაწილეობა, ვურჩევ საკუთარ შვილებს ჩახედოს თვალებში და ბოდიში მოუხადოს.
მათ შვილებს კი ცხოვრებაში ღმერთის მფარველობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ” – წერს იუსტიციის ყოფილი მინისტრი.

