ევრობიუროკრატებს საქართველოში სულ მცირე დაძაბულობის შენარჩუნება უნდათ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ კითხვაზე – რის მიღწევას ცდილობს ბრიუსელი იმ შინაარსის ანგარიშით, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ვოლსკის განცხადებით, ევროპაში ყველამ იცის, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი საქართველოს საკვანძო მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას.
„განა არ იციან, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი ახლოს დგას, რამდენიმე ასეულ მეტრში საკვანძო ტრასებიდან? ეს ყველაფერი ხომ იციან. ერთია, რომ ანგარიშს ვაფასებთ და ვამბობთ, რომ ტყუილი თქვეს და მეორეა, რომ გამოთვალო მიზანი, რატომ ხდება ეს. პასუხი ნაწილობრივ გასცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ, რომელმაც თქვა, რომ 2 წელზე მეტი იქნება ეს ომი, რომელიც დაასუსტებს რუსეთს იმდენად, რომ მას არ ექნება ევროპისკენ აგრესიის მიმართვის არანაირი რესურსი. რუსეთი ამ დროს აცხადებს, რომ ბირთვული შეიარაღება უნდა გამოცადოს თუკი მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
