გაიხსენეთ, რასა იუკნევიჩიენეს გამონათქვამები, რომელსაც ერთი-ერთში იმეორებს სააკაშვილი. მისი ფაშისტური ხასიათის შეფასება, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია, რომელიც უნდა ამოკვეთონ და ქართველი ხალხი, რომელიც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“, რომ ის არის დამნაშავე. ქართველი ხალხი გამოაცხადა დამნაშავედ ქალბატონმა იუკნევიჩიენემ. იმავეს იმეორებს სააკაშვილი, რომელიც ზუსტად მათი დავალებებით მოქმედებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ პოსტის“ კომენტირებისას.
მისი თქმით, სააკაშვილი ბრიუსელის დავალებით მოქმედებს, რომელიც გარდა მისი პირადი აგენტურისა, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს ხალხად არ აღიქვამს.
„მათი პირადი აგენტების და დავალებების შემსრულებლების გარდა, სხვა დანარჩენი ხალხი არ ვართ. ჩვენ ხალხად არ გვთვლიან. ხელისუფლებაში რომ მოიყვანონ მათი მარიონეტები, ალბათ შეგვიქმნიან სადმე რეზერვაციას და შიგნით შეგვყრიან სულ ყველას. იქნებიან თავისთვის – სემინარებით, ყავებით ივლიან აქეთ-იქით და ივლიან სხვადასხვა დედაქალაქში და ტელეხიდები ექნებათ ჩართვით. ეს არის სინამდვილეში, რომ ხალხად არ გვთვლიან. აბა სხვა რა არის კომისარი კოსი რომ გამოდის და საუბრობს – ხალხს მოუსმინეთო. არჩევნები ჩატარდა ახლახან, რამდენიმე კვირის წინ. თუ ქალბატონ კოსს ქართველი ხალხის ხმა აინტერესებს, შეუძლია, რომ ყური კარგად დაუგდოს 4 ოქტომბრის შედეგებს და შარშან, 26 ოქტომბრის შედეგებს. სინამდვილეში ძალიან კარგადაც ესმის ეს ხმა, უბრალოდ იყრუებს თავს იმიტომ, რომ ხალხად არ თვლის ქალბატონი კოსი იმ ადამიანებს, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირეს. მისთვის ხალხი არის ის „ენჯეოები“, რომელსაც აფინანსებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
